ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეაქციები ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, აღარ იბრძოლოს მეორე ვადით არჩევისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დღეს, 21 ივლისს, წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა და განაცხადა, რომ ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უარს ამბობს თეთრი სახლის მეორე ვადით დაკავებისთვის იბრძოლოს. მისი თქმით, ახლა მთლიანად ფოკუსირებული იქნება, ვადის დასრულებამდე, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე.

ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა, 2025 წლის იანვარში იწურება. დღესვე, მან განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტობისთვის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის დასახელებას. დემოკრატიული პარტია, საკუთარ კანდიდატს, ოფიციალურად აგვისტოში, ჩიკაგოში დაგეგმილ კონვენციაზე დაასახელებს.

წარმოგიდგენთ შეფასებებსა და გამოხმაურებებს, რაც პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, შეერთებულ შტატებში მოჰყვა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილეებიდან რამდენიმე წუთში, ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ სატელეფონო საუბარში, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა: „ის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია. ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.“

„სი-ენ-ენის“ ცნობით, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას სჯერა, მისთვის არჩევნებში კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის.

სენატორი ჩაკ შუმერი, სენატის უმრავლესობის ლიდერი

„ჯო ბაიდენი, არა მხოლოდ შესანიშნავი პრეზიდენტი და შესანიშნავი საკანონმდებლო ლიდერი იყო, არამედ ის მართლაც საოცარი ადამიანია. რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დააყენა თავისი ქვეყანა, თავისი პარტია და ჩვენი მომავალი, პირველ ადგილზე. ჯო, დღევანდელი დღე გვიჩვენებს, რომ შენ ნამდვილი პატრიოტი და დიდი ამერიკელი ხარ“, - ნათქვამია დემოკრატი სენატორის, ჩაკ შუმერის განცხადებაში.

ელისე სტეფანიკი, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კონფერენციის თავმჯდომარე

„თუ ჯო ბაიდენს არ შეუძლია ხელახალი კენჭისყრა, მას არ შეუძლია და შეუსაბამოა, იმსახუროს შეერთებული შტატების პრეზიდენტად. ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“, - ნათქვამია სტეფანიკის განცხადებაში.

ჰაკიმ ჯეფრისი, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა ლიდერი

„ამერიკა დღეს უკეთესი ადგილია, რადგან პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გონებით, მადლითა და ღირსებით გაგვიძღვა. ჩვენ სამუდამოდ მადლობლები ვართ“, - ნათქვამია ჯეფრისის განცხადებაში.

სტივ სკალიზი, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი

"დემოკრატიული პარტიის ბოსებმა უბრალოდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტურად არ სცემენ პატივს საკუთარ ამომრჩეველს. დემოკრატიის შესახებ ლექციების წაკითხვის შემდეგ, მათ უბრალოდ აიძულეს ჯო ბაიდენი ბილეთი დაეთმო - გაანადგურეს 14 მილიონი საკუთარი ამომრჩევლის ძირითადი არჩევანი", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი X-ზე.

ნენსი პელოსი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი

"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არის პატრიოტი ამერიკელი, რომელიც ყოველთვის აყენებდა ჩვენს ქვეყანას პირველ ადგილზე. მისი ხედვის, ღირებულებების და ლიდერობის მემკვიდრეობა, მას ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრეზიდენტად აქცევს. ღმერთმა დალოცა ამერიკა, ჯო ბაიდენის სიდიადით და სიკეთით.“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

„ჩვენთვის პატივია, შევუერთდეთ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მხარდაჭერაში და ყველაფერს გავაკეთებთ მის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია კლინტონების განცხადებაში.

გევინ ნიუსომი, კალიფორნიის გუბერნატორი

"პრეზიდენტი ბაიდენი იყო არაჩვეულებრივი, ისტორიის შემქმნელი პრეზიდენტი - ლიდერი, რომელიც იბრძოდა მშრომელი ხალხისთვის და მიაღწია გასაოცარ შედეგებს ყველა ამერიკელისთვის. ის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და უანგარო პრეზიდენტი", - წერს დემოკრატი ნიუსომი X-ზე.

დონალდ ტრამპი უმცროსი

„კამალა ჰარისს ეკუთვნის ჯო ბაიდენის მთელი მემარცხენე პოლიტიკური რეპუტაცია. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ის კიდევ უფრო ლიბერალური და ნაკლებად კომპეტენტურია ვიდრე ჯო და ეს ნამდვილად რაღაცას ამბობს. მას ებარა საზღვარი და ჩვენ ვნახეთ არალეგალების ყველაზე საშინელი შემოჭრა, ჩვენს ისტორიაში“, - წერს უმცროსი დონალდ ტრამპი, X-ზე.

XS
SM
MD
LG