ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, რომ ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის


რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ფიქრობს, ნოემბრის არჩევნებში, მისთვის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე პრეზიდენტ ბაიდენის დამარცხება იქნებოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა, საარჩევნო კამპანიიდან გამოთიშვის შესახებ განცხადება დღეს, 21 ივლისს, ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

სი-ენ-ენის განცხადებით, დონალდ ტრამპმა, კამალა ჰარისის შესახებ კომენტარი ტელეკომპანიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯო ბაიდენი არ არის სათანადო პერსონა იმისთვის, რომ პრეზიდენტად მსახურობა გააგრძელოს.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: „მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია დავტოვო [წინასაარჩევნო კამპანია] და ჩემი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ყურადღება მხოლოდ ჩემი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებაზე გავამახვილო.“ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა იანვარში დასრულდება.

სხვა მაღალჩინოსანი რესპუბლიკელებიც, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონსონი აცხადებდა, რომ ჯო ბაიდენი, არ არის პრეზიდენტის თანამდებობისთვის შესაბამის მდგომარეობაში და თუ უარს იტყოდა არჩევნებში მონაწილეობაზე, მას ასევე ვადაზე ადრე უნდა დაეტოვებინა პრეზიდენტის თანამდებობაც. ჯონსონმა, ბაიდენს გადადგომისკენ ღიად მოუწოდა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამოთიშვის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან დაახლოებით 30 წუთში, ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ის სრულად უჭერს მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რათა დასახელდეს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად.

„დღეს მინდა გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა და თანხმობა, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის კანდიდატი წელს“, - თქვა მან X-ზე გამოქვეყნებულ მეორე პოსტში. „დემოკრატებო, დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი“, - წერს პრეზიდენტი ბაიდენი.

XS
SM
MD
LG