ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ, ორშაბათს, ვაშინგტონში ვიზიტის წინ, სადაც ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა თქვა, რომ იმის მიუხედავად, თუ ნოემბერში პრეზიდენტად ვის აირჩევენ, ისრაელი ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების უძლიერესი მოკავშირე იქნება.
ეს ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტია ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან მას შემდეგ, რაც 2022 წლის ბოლოს, ნეთანიაჰუმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა სარეკორდო, მეექვსე ვადით დაიკავა. ვიზიტი ერთგვარად გადაჩრდილა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ, არჩევნებს გამოეთიშოს.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ბაიდენს მადლობას გადაუხდის ყველაფრისთვის, რაც მან თავისი კარიერის განმავლობაში ისრაელისთვის გააკეთა და მასთან იმსჯელებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფა, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ დამარცხება და ირანთან, ასევე რეგიონში ირანის სატელიტებთან დაპირისპირება.
81 წლის ბაიდენთან შეხვედრა სამშაბათისთვის არის დაგეგმილი, თუ პრეზიდენტი იმ დროისთვის „კოვიდ-19“-ისგან განიკურნება. ნეთანიაჰუს კონგრესში გამოსვლა ოთხშაბათს არის ჩანიშნული.
თვეების განმავლობაში ვაშინგტონთან ცივი ურთიერთობის შემდეგ, რაც განპირობებული იყო იმით, თუ 7 სექტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ღაზის წინააღმდეგ დაწყებულ იერიშს ისრაელი როგორ წარმართავს, ეს ვიზიტი ნეთანიაჰუს ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობისთვის პლატფორმას აძლევს.
სავარაუდოდ, ნეთანიაჰუს სიტყვა ნაკლებად კონფრონტაციული იქნება, 2015 წელს წარმოთქმულ სიტყვასთან შედარებით, როდესაც მან გააკრიტიკა ბარაკ ობამას სწრაფვა, ირანთან ბირთვული შეთანხმება შემდგარიყო.
ისრაელზე შეერთებული შტატების წნეხმა, რომ პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად პალესტინელებთან მოლაპარაკებები განაახლოს და აშშ-ის მუქარამ, შეუჩეროს იარაღის მიწოდება, ისრაელში გააძლიერა შეგრძნება, რომ ნეთანიაჰუს მმართველობამ ვაშინგტონთან კავშირები შეასუსტა. ნეთანიაჰუ ისრაელის შიგნით პროტესტების წინაშეც აღმოჩნდა, რომლითაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და "ჰამასის" მიერ დატყვევებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.