ბელარუსმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის სოციალური მედიის გვერდები „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა. ეს ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის ერთ-ერთი უკანასკნელი ნაბიჯია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შესავიწროებლად.
ბელარუსის სასამართლომ ქალაქ ჰომელში, მინსკიდან 300 კილომეტრში განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ვიასნას“ მიერ "ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნებული მასალები „ექსტრემიზმს“ წარმოადგენს.
"ვიასნა" 1996 წელს შეიქმნა და ის ლუკაშენკოს რეჟიმს სასტიკ ქმედებებში და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებში ამხელს. რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად დაიწყო. „ვიასნა“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საუბრობდა ათასობით აქციის მონაწილის დაკავებაზე და წამების შემთხვევებზე.
რეჟიმმა, ორგანიზაციის 7 წევრი უკვე დააკავა. სასამართლოს ეს გადაწვეტილება გზას უხსნის, საქმე აღიძრას ორგანიზაციის ონლაინ-არხის გამომწერების წინააღმდეგაც.
უკანასკნელი წლის განმავლობაში, ლუკაშენკოს მთავრობამ 300 ინტერნეტ გვერდი და ონლაინ არხი დაბლოკა. ბელარუსმა თვის დასაწყისში ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა ასევე „რადიო თავისუფლებაც“.
ოპონენტების წინააღმდეგ ქმედებებსა და არჩევნების შემდგომ დევნას, დასავლეთში ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები მოჰყვა. ბოლო პერიოდში საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ბელარუსში 35,000-ზე მეტი აქტივისტი თუ აქციის მონაწილე დააკავეს.
Facebook Forum