საერთაშორიო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩი" (HRW) ამბობს, რომ ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებაში, თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ ირღვევა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ათასობით მიგრანტი ცდილობს. ბოლო პერიოდში ვითარება საზღვარზე უკიდურესად დაიძაბა. დასავლეთი ლუკაშენკოს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. ბელარუსი კი ბრალდებებს უარყოფს და ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმარონ ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულ მიგრანტებს. ევროკავშირი და ამერიკა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უსამართლოდ, ლუკაშენკოს კი - ავტორიტარ, არალეგიტიმურ მმართველად მიიჩნევენ. ბელარუსს მოგვიანებით სანქციები დაუწესდა.
"ჰიუმან რაითს ვოჩის" თანახმად, მიგრანტთა დიდი ნაწილი წარმოშობით სირიიდან, ერაყიდან და იემენიდანაა. ისინი ახლო აღმოსავლეთიდან მინსკში ტუროპერატორი კომპანიების ყალბი დაპირებების შედეგად ჩავიდნენ. კომპანიები მათ ევროკავშირში გადაყვანის მარტივ გზას სთავაზობდნენ.
24 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ მიგრანტების თქმით, პოლონელი საზღვრის მცველები ზოგჯერ მათ ძალის გამოყენებით ახევინებენ უკან. ბელარუსის მხარეს კი ძალადობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მაგალითები ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ვითარება ბელარუსმა ადამიანთათვის ამის შედეგების გაუთვალისწინებლად შექმნა, სასაზღვრო ტერიტორიაზე მიგრანტთა ამ ტანჯვაზე პასუხისმგებლობა პოლონეთსაც ეკისრება", - ამბობს ლიდია გალი, ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის უფროსი მკვლევარი. ის განმარტავს: "ამ ადამიანებით თითქოს პინგ-პონგს თამაშობენ საზღვრის ამა თუ იმ მხარეს ყინვიანი დღეებისა და კვირების განმავლობაში. მათ აუცილებლად სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ისინი ვერცერთი მხარისგან ვერ იღებენ".
ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც სასაზღვრო ზონაში ოქრომბერში იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ მიგრანტების ამბები შემზარავი და მძიმეა.
Facebook Forum