ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი ამბობს, რომ ბელარუსის მხარემ მიგრანტები საზღვართან დააბრუნა


პოლონეთი ბელარუსს კვლავ მიგრანტთა საზღვართან მობილიზების და ბარიერების უკანონო გადაკვეთისკენ წაქეზებაში სდებს ბრალს. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები სულ რამდენიმე საათით იყო დაცლილი.

ევროპული სახელმწიფოების მთავრობები ბელარუსს ადანაშაულებენ, რომ ის ეხმარება ათასობით ადამიანს ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ჩამოფრენაში და მათ ევროკავშირის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთისკენ უბიძგებს. ათასობით ადამიანი ბელარუსის ევროპელი მეზობლების ამა თუ იმ საზღვართანაა შეკრებული.

გასული კვირის განმავლობაში, პოლონეთის საზღვართან, მიგრანტებსა და პოლონელ მესაზღვრეებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. მესაზღვრეებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ტყეებში ყინვას, გავრცელებული ინფორმაციით, ათამდე ადამიანი ემსხვერპლა. ბელარუსი უარყოფს, რომ ის კრიზისს ხელოვნურად ქმნის.

ხუთშაბათს, ბელარუსის მხარემ საზღვართან გაშლილი კარვების დაცლა დაიწყო. აქ ათასობით ადამიანი პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის იმედით რჩებოდა. ასობით ერაყელი კი თვეების შემდეგ, რეპარტიაციის პირველი რეისით შინ დააბრუნეს. თუმცა პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის პრეს-სპიკერმა, ანა მიჩალსკამ თქვა, რომ იმავე საღამოს ბელარუსის ოფიციალურ პირებს მიგრანტები სატვირთო ავტომობილებით კვლავ უკან მოჰყავდათ და მათ საზღვრის სიბნელეში გადაკვეთისკენ უბიძგებდნენ.

"ბელარუსის მხარეს ამ ადგილებისკენ მეტი მიგრანტი მოჰყავს და იქ აიძულებს საზღვრის კვეთას. დასაწყისისთვის 100-მდე ადამიანი იყო, მაგრამ ბელარუსის მხარემ ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადმოიყვანა სატვირთო ავტომობილებით. შემდეგ იქ 500-მდე ადამიანი აღმოჩნდა", - თქვა პრეს-სპიკერმა.

მისი განმარტებით, საზღვარს შედარებით ნაკლები ადამიანი კვეთს, მაგრამ ზოგიერთი ჯგუფი უფრო აგრესიულობით გამოირჩევა.

იმ ფონზე როცა მიგრანტები საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ, ბელარუსი ჯარისკაცები პოლონელ საზღვრის მცველებს ლაზერულ შუქს ანათებენ და მათ მხედველობას უუარესებენ. დაშავებულია რამდენიმე პოლონელი მესაზღვრე.

ხუთშაბათს მიგრანტები სასაზღვრო ზონიდან დიდ სასაწყობე ნაგებობაში გადაიყვანეს, ჟურნალისტებს კი მათი გადაღების საშუალება მისცეს.

კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, უკვე თვეებია გრძელდება. ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტები პოლონეთში, ლატვიასა და ლიტვაში გადასვლას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG