ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო პოლონეთს მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით სრულ მხარდაჭერას ჰპირდება


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის მოქმედებით, ალიანსი ძლიერაა შეშფოთებული. მისი თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ნატო პოლონეთს დახმარებას სთავაზობს.

"ჩვენ ძლიერ ვართ შეშფოთებულნი იმით, თუ როგორ იყენებს ლუკაშენკოს რეჟიმი მოწყვლად, რთულ მდგომარეობაში მყოფ მიგრანტებს, როგორც ჰიბრიდულ ტაქტიკას სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ის ამ მიგრანტთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის", - თქვა სტოლტენბერგმა და განმარტა, რომ პოლონეთსა და სხვა მოკავშირეებს, რომლებიც ამ სიტუაციით ზარალდებიან, ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

თვეების განმავლობაში დაძაბული ვითარება ახლა განსაკუთრებით გამწვავდა. მიგრანტებმა პოლონელ მესაზღვრე ჯარისკაცებს ქვები დაუშინეს. მათ კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება.

ათასობით ადამიანი, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მიგრანტები, ხელნაკეთ კარვებში ბელარუსის საზღვრებთან უკვე თვეებია იმყოფება. მსგავსი ვითარებაა ბელარუსის სხვა მეზობელი ქვეყნების - პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საზღვრებთან.

"მიგრანტები ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს თავს ქვებით დაესხნენ და პოლონეთში შესაღწევად ბარიერის განადგურებას ცდილობენ. ჩვენმა ძალებმა აგრესიის შესაკავებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა", - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა და ძალადობის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

"სი-ენ-ენის" ეთერში გასულ ვიდეოში ჩანს ასევე, თუ როგორ იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და კვამლის გამშვებ მოწყობილობებს პოლონელი საზღვრის მცველები.

ევროკავშირი ლუკაშენკოს მიგრანტების საზღვრებამდე მიყვანის პროცესის ორგანიზებაში სდებს ბრალს, რათა დასავლეთს სანქციებისა და კრიტიკის პასუხად, პრობლემები შეუქმნას. დასავლეთის ქვეყნები გასული წლის აგვისტოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად და არალეგიტიმურად მიიჩნევს. ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები გამუდმებით ირღვევა, შევიწროვებული და ქვეყნიდან გაქცეულია არაერთი აქტივისტი, დაპატიმრებულნი არიან პოლიტიკური ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებიც.

ლუკაშენკოს მთავრობა ევროკავშირის ბრალდებებს უარყოფს და თავად ბლოკს ადანაშაულებს ადამიანის უფლებების დარღვევაში, რადგან ეს უკანასკნელი ლტოლვილებს თავშესაფრის მიცემაზე უარს ეუბნება. ბელარუსთან საზღვრის დაცვა უკვე გაამკაცრეს პოლონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაშიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG