ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტს დატყვევებულ ქართველებზე საუბარი არ სურს


„პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს“
„პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს“

დატყვევებული შალვა ვერძაძე ამბობს, რომ მეკობრეები მეზღვაურებს ისევ აწამებენ

გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილს პირველად, საჯაროდ დაუსვეს შეკითხვა, თუ რას აკეთებს სახელმწიფო თხუთმეტი დატყვევებული ქართველი მეზღვაურის გამოსახსნელად, რომლებიც უკვე ოთხ თვეზე მეტია, სომალიში არადამიანურ ტანჯვა-წამებას განიცდიან.

მიხეილ სააკაშვილს ახალ სატელევიზო პროექტში - „პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს“, განახლებული რუსულენოვანი ტელეარხი „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ მასპინძლობდა. ამ გადაცემას კიდევ რამდენიმე ქართული ტელეკომპანია აჩვენებდა პირდაპირ ეთერში.

დატყვევებული მეზღვაურების შესახებ შეკითხვა პრეზიდენტს ბათუმში მდებარე ტელეკომპანია „25-ე არხის“ ჟურნალისტმა დაუსვა. ნათია როყვამ მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა:

„ჩემი კითხვა ეხება დაკავებულ მეზღვაურებს, რომლებიც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში არიან.

მაინტერესებს, მაშინ როცა თქვენი სარეზერვო ფონდიდან მილიონობით ლარით ფინანსდება გასართობი ღონისძიებები, მარტო ბათუმში ბოლო ორი წლის მანძილზე სარეზერვო ფონდიდან 8 მილიონი ლარია დახარჯული კონცერტებისთვის, მაინტერესებს ხომ არ აპირებთ, იგივე სარეზერვო ფონდიდან დაეხმაროთ ამ მეზღვაურებს და მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ვინ არის პასუხისმგებელი?“

ბათუმელი ჟურნალისტის შეკითხვას პრეზიდენტი ზუსტად 3 წუთისა და 46 წამის განმავლობაში პასუხობდა და აქედან მხოლოდ 12 წამი დაუთმო დატყვევებულ მეზღვაურებს, ისე, რომ მეზღვაურები საერთოდ არ უხსენებია.

აშკარად ჩანდა, რომ პრეზიდენტი გააღიზიანა მეზღვაურებზე დასმული შეკითხვის კონტექსტში, სარეზერვო ფონდიდან კონცერტებისთვის დახარჯული მილიონების ხსენებამ.

სააკაშვილი შეეცადა ჟურნალისტისთვის, სტუდიაში შეკრებილი საზოგადოებისთვის და მთელი ქვეყნისთვის ვრცლად აეხსნა თუ რატომ ხარჯავს სახელმწიფო გართობებსა და კონცერტებზე ამდენ ფულს:

„ეხლა მე გისვამთ სხვა კითხვას თქვენ. მაშინ დავიყაროთ თავზე ნაცარი, ვთქვათ, რომ ჩვენ არაფერი გვეშველება, ძალიან ცუდად ვართ, ძალიან ცუდი ქვეყანა ვართ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი. არ ჩამოხვიდეთ არავინ, იმიტომ რომ კარგი აქ არაფერი არ არის. არც კონცერტი იქნება, არც განათება იქნება, არც ახალი წლის ილუმინაცია იქნება, არც ფეიერვერკი არასოდეს არ იქნება. ისე ჩამოდით, ისე, მაგრამ კარგი არაფერი არ იქნება!

მაშინ გექნებათ თქვენ შემოსავლები, გექნებათ თუნდაც სარეკლამო შემოსავალი თითოეული თქვენთაგანის ტელევიზიას?! ეს კონკრეტული რაღაცეები ითარგმნება კონკრეტულ რაღაცაში. ჩაიდო 30-ჯერ მეტი ფული კერძო ინვესტიციებით და ჩამოვიდა ათჯერ მეტი ტურისტი. ჩამოვა კიდევ ბევრად მეტი.

იმიტომ, რომ თუნდაც ეს კონცერტები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, პირდაპირ ეთერში მიდიოდა რამდენიმე მეზობელი ქვეყნის ტელევიზიაზე - აზერბაიჯანის, უკრაინის, ლიტვის, პოლონეთის! სი-ენ-ენ-ზე იყო დიდი სიუჟეტი ამაზე! და ეს არის ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის - ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“

რაც შეეხება დატყვევებულ მეზღვაურებს, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გვერდი აუარა ამ თემაზე საუბარს. მან მხოლოდ პასუხის დასასრულს აღნიშნა, რომ მეზღვაურებზე საჯაროდ საუბარი არ სურს

„რა თქმა უნდა, ჩვენ არცერთ მოქალაქეს არ ვივიწყებთ და ნამდვილად ყველაფრის განხილვას არ ვაპირებ ტელევიზიით. არის საკითხები, რომლებიც მიუხედავად საჯარო ინფორმაციისა ტელევიზიით განსახილველი არ არის.“

ბათუმელი ნათელა ვერძაძე ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც გუშინ სპეციალურად მიუჯდა ტელევიზორს, რათა პრეზიდენტისგან ახალი ინფორმაცია მოესმინა. დატყვევებულთა შორის მისი მეუღლეა, კაპიტნის პირველი თანაშემწე, 62 წლის შალვა ვერძაძე. ქალბატონი ნათელა ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლისგან უფრო მეტს ელოდა

„პრეზიდენტის გამოსვლაში არა მარტო მაგ თემაზე, ბევრ სხვა თემაზე იყო თავის არიდება, მაგრამ არ ვიცი რატომ მოხდა ასე. ალბათ, კონფიდენციალური თემაა, არ ვიცი, ასე ვფიქრობ.“

ანუ, თქვენ არ დაგაკმაყოფილათ პრეზიდენტის პასუხმა?

არა, რა თქმა უნდა, ველოდით, რომ რაღაცას იტყოდა. შეუძლებელია არ იცოდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ ჩვენ ლევან ვარშალომიძეს ბევრჯერ დავუსვით ეს შეკითხვა და ყველამ ყველაფერი იცისო.

საქმის კურსში არინ და ყველაფერი მოგვარდებაო ჩვენს საკეთილდღეოდო. რავიცი, თითქმის ოთხთვენახევარია ეს სიტუაციაა. ალბათ დრო სჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ბიჭები გაუძლებენ ამდენს?!“

ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელიც ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურეს“ საკუთრებაა და მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა, გასული წლის 8 სექტემბერს მეკობრეებმა ადენის ყურეში დაატყვევეს. თხუთმეტი ქართველის გარდა გემზე სამი თურქი მეზღვაურიც არის.

მეკობრეები გამოსასყიდის სახით ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვენ. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემთმფლობელსა და მეკობრეებს შორის ჩიხში შესული მოლაპარაკება განახლდა და მეკობრეებმა ტყვეების წამება შეწყვიტეს. თუმცა, როგორც ნათელა ვერძაძემ გვითხრა, საპირისპიროს ჰყვება მისი მეუღლე, რომელიც გუშინ გემიდან დაუკავშირდა

„რამდენიმე დღის უკან ლევან ვარშალომიძემ მიგვიწვია და დაგვპირდა, რომ გაუშვებდა საკუთარ წარმომადგენელს საბერძნეთში ამ საქმისთვის ყურადღების მიქცევის მიზნით. ბოლოს რომ დავრეკე, მითხრეს, რომ უკვე ჩასულები არიან ათენში და ყველაფერი კეთდებაო.

მაგრამ, გუშინ მეუღლემ გადმომირეკა და მითხრა, რომ გემზე არავის დაურეკავს კარგა ხანიაო, ძველებურად დაბმულები ვართო, სუსტად ვართო, საჭმელ-სასმელი არ გვაქვსო. ხოდა, არ ვიცი ეხლა ვის უნდა დავუჯერო?! კიდევ ისე გვაწვალებენო.

მე მეგონა რომ სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ გუშინ ასე დამირეკა. მე რომ ვუთხარი მოლაპარაკების თაობაზე გაუკვირდა, თუ მასეაო, რატომ აქამდე არ გადმორეკავენ გემზე და არ ეტყვიან მეკობრეებს, რომ თავი დაგვანებონ და ცოტა ადამიანურად მოგვექცნენო.“

„მეკობრეები ინდოეთის ოკეანის გამგებლები ხდებიან“ - ასეთი განცხადებით გამოვიდა დღეს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯეკ ლენგი. მან საზოგადოებას მეკობრეებისთვის გაეროს სამი სპეციალური სასამართლოს შექმნა შესთავაზა, რომლებიც სომალის ორ არაღიარებულ ანკლავში სომალილენდსა და პუნტლენდში, ასევე ტანზანიაში განთავსდება.

ლენგის გათვლებით, მომავალი რვა თვის მანძილზე, ასეთი სასამართლოების შექმნა 25 მილიონი დოლარი დაჯდება და მეკობრეები იურიდიული პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ვეღარ შეძლებენ.

გეგმაშია, ასევე სპეციალურად მეკობრეებისთვის ორი ციხის გახსნა, რომელიც 1000 პატიმარს დაიტევს. დღეისათვის, მეკობრეებს 30-მდე გემი და 600-ზე მეტი მეზღვაური ჰყავთ დატყვევებული, მათ შორისაა ტუნისური ტანკერი „ჰანიბალ 2“, რომლის ეკიპაჟშიც კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური ოლეგ ნოდია იმყოფება.

XS
SM
MD
LG