ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

15 ქართველი სომალიში ბედის ანაბარაა მიტოვებული


მეკობრეებსა და გემთფლობელს შორის მოლაპარაკება გაურკვეველი ვადით შეწყდა
მეკობრეებსა და გემთფლობელს შორის მოლაპარაკება გაურკვეველი ვადით შეწყდა

უკვე 62-ე დღეა, რაც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში თხუთმეტი ქართველი და სამი თურქი მეზღვაური იტანჯება. მალტის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელიც ეგვიპტიდან ინდოეთისკენ მიცურავდა, ადენის სრუტეში, ორი თვის უკან დაატყვევეს.

ბოლო ცნობების მიხედვით, დატყვევებულთა მდგომარეობა უმძიმესია. გემზე სურსათისა და სასმელი წლის ყოველგვარი მარაგი ამოიწურა. მეკობრეები ტყვეებს, დღეში ერთხელ, ბრინჯსა და ერთ ჭიქა წყალს აძლევენ. ტყვეობაში მყოფი კაპიტნის მესამე თანაშემწე დავით დევაძე ოჯახს ბოლოს ათი დღის უკან დაუკავშირდა. მამამისმა, საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ დირექტორმა სერგო დევაძემ გვითხრა

„წინა შაბათს დამირეკა ჩემმა ბიჭმა. დასალევ წყალს თუ აძლევენ ერთ ჭიქას დღეში. საჭმელი რომ გააკეთონ ან სხვა რამე წყალი არ აქვთ. გემზე საშინელ ნერვიულ სტრესშია ყველა. ადამიანები ერთმანეთს ერჩიან, თვრამეტი კაცია, ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს, არის შელაპარაკებები, აღრენილნი არიან მეზღვაურებიც და მეკობრეებიც. იმიტომ, რომ საქმე არ დაძრულა, კავშირზე არავინ არ გადის რომ მოლაპარაკებები აწარმოონ.“

საერთო ფონს ამძიმებს, ის, რომ გემთფლობელი ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“ დიდი ხანია მეკობრეებს არ დაკავშირებია. სომალელები გამოსასყიდის სახით, თავდაპირველად 15 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რა შედეგი გამოიღო მათთან ვაჭრობამ და შესაბამისად, რამდენად შემცირდა გამოსასყიდის ოდენობა, ამაზე სარწმუნო ინფორმაცია დღემდე არ არსებობს.

„ფრიო ვენტურეს“ ათენის ოფისი მოლაპარაკების დეტალებს ასაიდუმლოებს და ამჟამად კომენტარზე უარს ამბობს. დატყვევებულთა ოჯახები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

5 ნოემბერს, მეზღაურთა ოჯახის წევრებმა, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის აპატარის უფროსმა მიიღო. „ოლინ ჯის“ კაპიტნის მემედ ზაქარაძის მეუღლე ნაზი კახაბერიძე ამბობს

„როდის მოხდება გათავისუფლება - დრო, თვე, საათი ვერ გვითხრა. მე პირადად, ამ შეხვედრის შემდეგ, ვერავითარ დაპირებას და წინსვლას ვერ ვხედავ.“

საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“ მეკობრეების მიერ მოთხოვნილი გამოსასყიდის გადახდაზე უარს აცხადებს და მოლაპარაკებები ჩიხში სწორედ ამ მიზეზით შევიდა.

სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს მეკობრეებზე ზემოქმედების რაიმე ბერკეტი და იძულებულია მოლაპარაკებების შედეგს დაელოდოს. ასეთი გაურკვევლობა, როგორც ჩანს უარყოფითად, არა მხოლოდ დატყვევებულებზე, არამედ დამტყვევებლებზეც მოქმედებს. ტყვეობაში მყოფმა მეზღვაურმა გიორგი სირაძემ ოჯახს აცნობა, რომ გასულ კვირას მეკობრეებმა ერთმანეთს გაუხსნეს ცეცხლი

„ერთხელ სროლაც ყოფილა. მეკობრეები ერთმანეთს დარევიან და ვინც იცის, მომავალში მათ თავში რა მოუვათ და ჩვენ არ ვიცით რას მოიმოქმედებენ, ამიტომ მთავრობას ვტხოვთ რომ დაუყოვნებლივ დაგვეხმაროს.“

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სომალის სანაპიროსთან მიმდინარე დრამა, მით უფრო რთული იქნება, მეზღვაურების ხელახალი ადაპტირება საზოგადოებაში, განთავისუფლების შემდეგ. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორმა, ფსიქოლოგმა ლელა ცისკარიშვილმა „ამერიკის ხმას“ კერძოდ უთხრა

„ტყვეობაში ყოფნა ეს არის ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც უშუალოდ ადამიანის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. ამიტომ, თვითონ, ის მომენტი, როცა ადამიანები ვარდებიან ტყვეობაში არის საფრთხის შემცველი და იწვევს უზარმაზარ სტრესს.

შემდგომში თუ გაიწელება ეს მდგომარეობა, განთავისუფლების შემდეგ, ძალიან უჭირთ ტყვეობაში მყოფ ადამიანებს ხელახალი ადაპტირება.

თვითონ ტყვეობის დროს ხშირია სასტიკი გამოცდილებები, შეიძლება თავად შეესწროს სხვების მიმართ სასტიკ მოპყრობას ან თვითონ გახდნენ სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი. ასევე, ძალიან ნიშანდობლივია ე.წ „სტოქჰოლმის სინდრომი“, რომელიც ნიშნავს რომ მოძალედესთან რაღაც იდენტიფიკაცია და მიჯაჭვულობა უჩნდება მსხვეპლს.

ეს სინდრომი საკმაოდ ხშირია ხოლმე ტყვეობაში მყოფ პირებს შორის. საკმაოდ სერიზოული მოვლა სჭირდებათ, ასეთი კატეგორიის ადამიანებს გათავისუფლების შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან რთული ადაპტაციური პრობლემები აქვთ. შეიძლება იყვნენ დეპრესიულები; შეიძლება ჰქონდეთ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა; ასევე საკმაოდ მძიმე შფოთვითი აშლილობა.“

დღეისათვის, სომალელ მეკობრეებს 19 გემი, ორი იახტა და 424 მეზღვაური ჰყავთ დატყვევებული. მათგან ყველაზე მეტი - 91 ფილიპინელია, 77 ტაილანდელი, 46 კენიელი, 45 ინდოელი და 15 ქართველი. ტყვეობაშია კიდევ 20 ქვეყნის 150 მეზღვაური. ასევე, იახტსმენი დედა-შვილი, სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთიდან. მათთან, ერთად მყოფი მამაკაცი მეკობრეებმა ორი დღის წინ მოკლეს.

2010 წელს - ყველაზე დიდხანს ტყვებაშია საუდის არაბეთის ტანკერის „ალ ნასრის“ 14 კაციანი ეკიპაჟი, ეს გემი მეკობრეებმა 9 თვის უკან, 1 მარტს დაატყვევეს. ყველაზე დიდი ფული კი, ორი დღის უკან, სამხეთ კორეული ტანკერის „სამხო დრიმის“ განთავისუფლებაში მიიღეს, გამოსასყიდმა სარეკორდო თანხა - 9,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG