ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თხუთმეტი ქართველი სომალიში ტყვეობაში რჩება


სომალიში დატყვევებული ტანკერი Olib G
სომალიში დატყვევებული ტანკერი Olib G

თავდასხმა მალტის დროშის ქვეშ მცურავ, ბერძნულ ტანკერ Olib G-ზე ადენის ყურეში, 8 სექტემბერს დილით მოხდა.

უკვე ერთი კვირაა, თხუთმეტი ქართველი მეზღვაური, კიდევ სამ თურქ კოლეგასთან ერთად სომალელი მეკობრეების ტყვეობაში არიან და ზუსტად არავინ იცის, სანამდე გაგრძელდება ეს არაადამიანური ყოფა.

თავდასხმა მალტის დროშის ქვეშ მცურავ, ბერძნულ ტანკერ „ოლიბ ჯი“-ზე, რომელსაც ბათუმელი კაპიტანი მემედ ზაქარაძე მართავდა, ადენის ყურეში, 2010 წლის 8 სექტემბერს დილით მოხდა.

მეკობრეებმა უპრობლემოდ დაიკავეს გემი და ქართველი მეზღვაურის დავით დევაძის საშუალებით უკვე დაუკავშირდნენ ტანკერის მფლობელ ბერძნულ კომპანია „ფრიო ვენტურეს“, თუმცა მოთხოვნილი გამოსასყიდის ოდენობა ცნობილი არ არის.

საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ მეპატრონე სერგო დევაძე, რომლის მეშვეობითაც დასაქმდნენ ჩვენი მეზღვაურები გემზე, ამბობს, რომ ყველა დატყვევებული ქართველი ჯანმრთელად არის

“ხუთი-ექვსი დღის წინ გავიდნენ ისინი ეგვიპტის ალექსანდრიის ნავსადგურიდან და წითელი ზღვის გავლით მიდიოდნენ ინდოეთში. ვიცით, რომ ადენის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში დაატყვევეს გემი მეკობრეებმა.

ერთი-ერთი დატყვევებული კაპიტნის მესამე მოადგილე დავით დევაძე ჩემი შვილია. ვინაიდან ინგლისურად საუბრობს, მეკობრეებმა სწორედ მას მისცეს საშუალება დაკავშირებოდა გემთფლობელს ბერძნულ კომპანიას, დღეისათვის რაც ვიცით, გემზე მდგომარეობა ნორმალურია, ეკიპაჟის წევრებს არავინ ერჩის, საჭმელი და სასმელი აქვთ.“

ზღვაოსნების დახმარების საერთაშორისო პროგრამის აფრიკულმა ოფისმა უკვე გაარცელა განცხადება, რომ ქართველი კაპიტანი ზუსტად მოძრაობდა ადენის ყურის რეკომენდირებულ სატრანზიტო დერეფანში, სადაც მეკობრეების წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სამხედრო საზღვაო ძალები პატრულირებენ.

თუმცა, თითქმის იმავე დროს მეკობრეებმა შეუტიეს გერმანიის და იამაიკის გემებს და საერთაშორისო ძალები, პირველად სწორედ ამ გემებს დაეხმარნენ, ამერიკული სამხედრო გემი „პრინსტონი“ ქართველების გემთან დაგვიანებით მივიდა. ზღაოსნების დახმარების საერთაშორისო პროგრამის კენიელი კოორდინატორი ენდრიუ მვანგურა ამბობს

„ჩემი ინფორმაციით, ტანკერ „ოლიბ ჯი“-ზე თავდასხმა ადგილობრივი მაჯერტენისა და ვარანჰელის კლანის მეკობრეებმა განახორციელეს, რომლებიც გემების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას, ქალაქ ელაიოდან იღებენ. გემი უკვე გადაიყვანეს სომალის ნაპირისკენ, სავარაუდოდ, რომ სომალის ინდოეთის ოკეანის სანაპიროსკენ, სადაც საერთაშორისო პატრულირება არ ხდება“

საპორტო ქალაქი ელაიო, რომლის სიახლოვესაც ქართველები დაატყვევეს, სომალის ტერიტორიაზე არსებული თვითაღიარებული ანკლავების - სომალილენდისა და პუტლენდს შორის სადავო ტერიტორიაა.

ეს ადგილები მეკობრეობის მექად ითვლება, გემების დატყვევებით აქ ასეულობით, ადგილობრივი კლანია დაკავებული. კაპიტან მემედ ზაქარაძის და მისი მოადგილე დავით დევაძის გარდა, გემზე არიან ასევე მექანიკოსები ნუკრი ჯიჯავაძე და ირაკლი ჯიქიძე. ყველაზე ასაკოვანი დატყვებულთა შორის კი 61 წლის მექანიკოსი შალვა ვერძაძეა, რომელიც წელს უკვე იყო ფილიპინებზე დაპატიმრებული. მისი მეუღლე ნათია ვერძაძე ამბობს

„ჩემი მეუღლე 18 აგვისტოს წავიდა გემზე სამუშაოდ, იმის მერე მასთან კონტაქტი არ მქონია, არაფერი არ ვიცოდი, როცა გავიგე გემის დატყვევების შესახებ გავიქეცი ბათუმის ოფისში.

ვეჭვობდი, რომ ინდოეთისკენ მიდიოდნენ და სწორედ ეს სრუტე უნდა გაევლოთ. იქ დამიდასტურეს, რომ ჩემი მეუღლე დატყვევებულია, და სხვა ქართველებიც, რა თქმა უნდა, სულ 15 ადამიანი.“

ათენში მდებარე კომპანია „ფრიო ვენტურეს“ წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს კომენტარზე, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკება. როგორც წესი, სწორედ გემთმფლობელსა და მეკობრეებზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად განთავისუფლდებიან მეზღვაურები ტყვეობიდან.

გემისა და მასზე არსებული ტვირთიდან გამომდინარე, ვარაუდონებ, რომ გამოსასყიდი მილიონახევრიდან ორ მილიონ აშშ დოლარამდე იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვითარებას მხოლოდ აკვირდება, დიპლომატი სერგი კაპანაძე ამბობს

„დაკავებული ქართველები და ასევე ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებიან კარგად. მეკობრეები მათ გადაადგილებენ სომალის სანაპიროზე გარკვეული მიმართულებით. ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული განცხადება მეკობრეების მხრიდან არ ყოფილა და არც რაიმე თანხაზე ყოფილა ჯერ საუბარი.“

ზღვაოსნებისთვის სომალის სანაპიროები ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ინფორმაციით, მარტო, ბოლო ერთი წლის მანძილზე სომალის სანაპირისთან მოქმედმა მეკობრეებმა გამოსასყიდის სახით 150 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღეს.

სხვა და სხვა დროს, 200-მდე ქართველი მეზღვაურია სომალურ ტყვეობაში ნაყოფი. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, 2003 წლის თებერვალში მოხდა, როცა ბერძული გემის „ჯენლილის“ ქართულმა ეკიპაჟმა, გემთფმლობელსა და მეკობრეებს შორის გაჭიანურებული მოლაპარაკების გამო, 225 დღიანი ტყვეობას, დღემდე უპრეცედენტი გაქცევით დააღწია თავი.

XS
SM
MD
LG