მეკობრებობა სულ უფრო მომხიბვლელი ბიზნესი ხდება. მეკობრეები მილიონობით დოლარს შოულობენ. ამასობაში პირად იახტებზე მეკობრეებისგან თავის დასაცავად უახლეს ტექნოლოგიებს აყენებენ.
აზიის რეგიონში წვიმების სეზონი მთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდოეთის ოკეანეში მეკობრებობის ინციდენტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. საზღვაო ძალების სამხედრო გემები ამისთვის ემზადებიან.
კარენ ჯაკსი სანაოსნო სადაზვერვო კომპანია Dryad Maritime Intelligence-ის დირექტორია. მისი თქმით:
„ამინდის პროგნოზების თანახმად წვიმიანი სეზონი სექტემბრის შუა რიცხვებში მთავრდება და ზღვა წყნარდება. მეკობრეები საქმიანობის გააქტიურებას სწორედ მაშინ იწყებენ.“
ბენ იანგმა კარგად იცის თუ რა ხდება, როცა მეკობრეები აქტიურობენ. იგი ადენის ყურეში კერძო იახტას მართავდა, როცა მეკობრეები მას თავს დაესხნენ.
„ერთ საღამოს მოულოდნელად ჩვენი იახტის წინ პატარა კატერი გამოჩნდა, რომელიც ჩვენ შენელებას ცდილობდა. ამასობაში ჩვენს უკან კიდევ ორი კატარღა გამოჩნდა, რომელმაც ჩვენი იახტის აბორდაჟი სცადა,“ აღნიშნა ბენ იანგმა.
კერძო ძვირადღირებული იახტები, რომლებსაც სუპერ-იახტებს უწოდებენ, მეკობრეებისთვის ძალზედ მომხიბვლელ სამიზნეს წარმოადგენს. იანგი აღნიშნავს, რომ მას და მის ეკიპაჟს ბედმა გაუღიმა და ისინი აბორდაჟს გადაურჩნენ.
„ამ შემთხვევაში ჩვენ გამაფრთხილებელი გასროლები გავაკეთეთ, რის გამოც ისინი ჯერ მობრუნდნენ, ხოლო შემდეგ უკან დაიხიეს,“ აღნიშნა იანგმა.
მეკობრეებისგან დასაცავად კერძო ხომალდები სულ უფრო ხშირად იყენებენ საბრძოლო აღჭურვილობას, რომელიც წარსულში მხოლოდ სამხედრო გემების საკუთრებას წარმოადგენდა. ამ ბოლო დროს კერძო გემებზე ინფრაწითელი ხედვის მოწყობილობების, სუპერ-თანამედროვე მოძრაობის ამოცნობის სენსორებისა და ხმის ლაზერების გამოყენება სულ უფრო გახშირდა.
ბრიუს მაკფერსონი კომპანია Automatic Sea Vision-ში მუშაობს, რომელიც სათვალთვალო აღჭურვილობის მწარმოებელია. მისი თქმით მეკობრებობის საფრთხე დღითიდღე იზრდება.
„ინტენსიურობა შეინიშნება არა მხოლოდ თავდასხმების რიცხვში, არამედ მეკობრეების მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენებაში,“ აღნიშნავს იგი.
ადენის ყურე და იდნოეთის ოკეანე სომალელი მეკობრეების მთავარ სათარეშოდ გადაიქცა. შემაშფოთებელია ისიც, რომ დიდი ხომალდების გატაცების შედეგად მეკობრეებს ახლა ღია ზღვაში დიდ მანძილებზე გასვლის უფლება მიეაცათ, აღნიშნავს კარენ ჯაკსი. მისი თქმით:
„მეკობრეები ინდოეთის ოკეანეში საკმაოდ შორს გადიან. ისინი ინდოეთის სანაპიროს აღწევენ და მათი საქმიანობა სეიშელის კუნძულების მახლობლადაც შეინიშნება. ამდენად დიდი გემებით ისინი ახლა უფრო შორს გავლენ.“
პატარა იახტების კაპიტნებს ძვირადღირებული ტექნოლოგიების შეძენა არ ძალუძთ და ისინი მეკობრეების საფრთხესთან დაკავშირებით განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ. ალექსანდერ ვიშერი ერთ-ერთი ასეთი იახტის კაპიტანია. მისი თქმით:
„ყველამ მშვენივრად იცის, რომ სომალის სანაპიროსთან ნაოსნობა ძალზედ საშიშია. ამდენად სამოგზაურო იახტების უმრავლესობა ახლა ინდოეთის ოკეანედან პირდაპირ სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება და შემდეგ ან ბრაზილიის სანაპიროსკენ მიდის ანდა ზემოთ კარიბის კუნძულების მიმართულებით. ყველა სუეცის არხით გავლას თავს არიდებს.“
მართალია საგანგებოდ შექმნილმა საერთაშორისო საზღვაო ძალებმა მეკობრეების თავდასხმების რიცხვი საგრძნობლად შეამცირა, მაგრამ აფრიკის კონცხის მახლობლად მეკობრეები გარკვეული უპირატესობით სარგებლობენ, აღნიშნავს ლონდონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაცია ჩათამ ჰაუსის ანალიტიკოსი როჯერ მიდლტონი.
„ლაპარაკია ოკეანის რეგიონზე, რომლის ფართი რამდენიმე მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეიცავს. ეს უზარმაზარი რეგიონია და უკეთეს შემთხვევაში მის პატრულირებას 35-40 სამხედრო ხომალდი ასრულებს,“ აღნიშნა მიდლტონმა.
მისი თქმით, მეკობრებობა სულ მზარდი ბიზნესია. წელს გატაცებული გემის საშუალო გამოსასყიდი თანხა ერთ მილიონ დოლარს გადააჭარბებს.