სომალიში დატყვევებული ტანკერ „ოლიბ ჯის“ მფლობელმა, ბერძნულმა კომპანია „ფრიო ვენტურემ“, ორთვიანი პაუზის შემდეგ, მეკობრეებთან მოლაპარაკება განაახლა. ამის შესახებ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების სატელეფონო ზარის შემდეგ გახდა ცნობილი.
მოლაპარაკების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბერძნული კომპანიის ადვოკატის ზარმა გემზე შედეგი უკვე გამოიღო. მეკობრეებმა თხუთმეტი ქართველი და სამი თურქი მეზღვაურის წამება შეწყვიტეს და შედარებით უკეთ ექცევიან
„ოლიბ ჯის“ კაპიტნის მეორე თანაშემწემ დავით დევაძემ გუშინ ტელეფონით მამას სერგო დევაძეს აცნობა, რომ დატყვევებულთა მდგომარეობა მცირედით შემსუბუქდა:
„მიდის მოლაპარაკება, გემიდან რეკავენ ბიჭები და ამბობენ, რომ შედარებით მდგომარეობა შემსუბუქდა. რომ იყო შეხლა-შემოხლა და შეურაცყოფები, ასეთები აღარ ხდება, ერთი კვირაა გამოსწორდა და დაწყნარდა უკვე მდგომარეობა.
გემთფლობელის ადვოკატი გადის ხაზზე, იძიებს თანხებს და საქმე ვითომ დაიძრა ადგილიდან. დღეს-ხვალ იქნება ცნობილი პროფკავშირების მიერ დაწყებულ საქმელმოქმედო აქციით რა თანხა შეგროვდა მეზღვაურთა დასახმარებლად, დანარჩენი ფულის შოვნის პერსპექტივა - ამ ეტაპზე არაფერი არ არის.“
ტანკერი „ოლიბ ჯი“ 2010 წლის 8 სექტემბერს „მეკობრეთა ხეივანში“ ადენის ყურეში დაატყვევეს. გამოსასყიდის თაობაზე ვაჭრობა 15 მილიონიდან დაიწყო და ბოლოს ერთ მილიონ დოლარამდე შემცირდა. გემთფლობელმა მეკობრეებს მხოლოდ 150 ათასი დოლარის გადახდა შესთავაზა და უარის მიღების შემდეგ მოლაპარაკებიდან საერთოდ გავიდა.
ამ ინციდენტმა დატყვევებულების მდგომარეობა უაღრესად გაართულა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეზღვაურებს აწამებდნენ, აშიმშილებდნენ და დახვრეტით ემუქრებოდნენ. იზოლდა ბოლქვაძე, დატყვევებული თემურ ვარშანიძის დეიდა ამბობს:
„ჩემი დისშვილი იმყოფება ამ გემზე - თემურ ვარშანიძე. ბიჭი იყო 90 კილოგრამი და ახლა 30 კილოგრამი ვიქნები დარჩენილიო, თითქმის ჩონჩხი ვარო. დაუძლურებული ვართ ყველანიო, ვერცერთი ვერ დავდივართო.
ძალიან გთხოვთ, ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი თხოვნა შეიძლება იყოსო, დაგვეხმარეთო! მეტი გაძლება აღარ შეგვიძლიაო, ფიზიკური ზეწოლა მიდისო. სასწარაფო შველას ვითხოვთო!“
მეზღაურთა ოჯახის წევრების ცნობით, ბოლო დღეების მანძილზე შედგა რამდენიმე სატელეფონო საუბარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე ლევან ვარშალომიძეს, საბერძნეთში საქართველოს ელჩს ირაკლი თავართქილაძესა და კომპანია „ფრიო ვენტურეს“ წარმომადგენლებს შორის.
ერთ-ერთ ასეთ საუბარს მეზღაურთა ოჯახის წევრებიც დაასწრეს. წინასწარი შეთანხმებით, მოლაპარაკების დეტალები კონფიდენციალურია. კვლავაც გაურკვეველია, ქართული სახელმწიფო არაპირდაპირ მაინც მიიღებს თუ გამოსასყიდის გადახდაში მონაწილეობას. „ოლიბ ჯის“ კაპიტნის მეუღლე ნაზი კახაბერიძე ამბობს:
„ლევან ვარშალომიძე დღეს შეგვპირდა და დაგვაიმედა, რომ ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო. მეტი არაფერი ვიცი, ვნახოთ რა იქნება მომავალში, როგორ განვითარდება სიტუაცია არ ვიცი. ყოველ ორშაბათ დღეს გვექნება შეხვედრები, დავჯდეთ მოვილაპარაკოთ, ტელეფონით მოგასმენინებთ იქაურ ამბავს. მისგან დაიმედებულები გამოვედით.“
ბერძენი გემთფლობელის გამოცოცხლების კიდევ ერთი მიზეზი მოლაპარაკებებში ჩართული ქართველი ადვოკატია, რომელიც მეზღვაურთა ოჯახის წევრებმა დაიქირავეს.
არ არის გამორიცხული, რომ ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურეს“ წინააღმდეგ, ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების შემდეგ სარჩელი შევიდეს. კომპანია „გრინვიჩის“ დირექტორი სერგო დევაძე ამბობს:
„მე ადრე უნდა გამეკეთებინა ეს, უკვე ავიყვანე მშობლების სახელით ადვოკატი, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას ბერძენ ადვოკატთან. მათ შორის მიდის მიმოწერა. აქამდე ბერძნების ადვოკატი ჩემთან არ გამოდიოდა კავშირზე და არაფერს მეუბნებოდა. ჩემს აყვანილ ადვოკატს კი გინდა-არ გინდა ყველაფერი უნდა აცნობოს.
ღმერთმა კარგად დაასრულოს ეს ამბავი და სარჩელი ბერძნების წინააღმდეგ მაინც უნდა შევიტანოთ. უკვე ოთხ თვეზე მეტია, გემთფლობელს არაფერი გაუკეთებია მეზღვაურების დახსნისთვის. საზღვაო კანონმდებლობით, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა, რომ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი მეზღვაურები დაიხსნან. მაგათ გემი თუ არ უღირთ, ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ ეკიპაჟის წევრები გაწირონ.“
კვლავაც გაურკვეველია კიდევ ერთი ბათუმელი მეზღვაურის ლევან ნოდიას ბედი. ქართველი მეორე თვეა ტყვეობაშია ტუნისური ტანკერის „ჰანიბალ ორის“ ოცდათკაციან ეკიპაჟთან ერთად.
მეკობრეები „ჰანიბალ ორს“ სხვა გემების დასატყვევებლად იყენებენ და უკვე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. „ჰანიბალ ორის“ განთავისუფლების ირგვლივ სიტუცია მას შემდეგ გართულდა, რაც ტუნისში ხელისუფლება შეიცვალა.
ტუნისური პრესის ცნობით, გემთმფლობელი, მილიონერი ფარიდ აბასი, ტუნისის გაქცეული პრეზიდენტის ზინ ალ-აბიდინ ბენ ალიმის უახლოესი გარემოცვიდან არის და შეიძლება ქვეყნის დატოვება მასაც მოუწიოს.