ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველ მეზღვაურებში 15 მილიონ დოლარს ითხოვენ


სომალიში დატყვევებული ტანკერი
სომალიში დატყვევებული ტანკერი

8 ოქტომბერს, სომალიში თხუთმეტი ქართველი და სამი თურქი მეზღვაურის დატყვევებიდან ერთი თვე შესრულდება. მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ, მცურავი ბერძნული ტანკერი „ოლიბ ჯი“ ადენის სრუტეში დააკავეს.

თითქმის ერთთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ცნობილი ხდება გამოსასყიდის ოდენობა, რომელსაც მეკობრეები გემთფლობელს, ბერძნულ კომპანია „ფრიო ვენტურეს“ სთხოვენ. როგორც „ამერიკის ხმას“ „ფრიო ვენტურეს“ წარმომადგენელმა კაპიტანმა კაზიმ ოზჩელიქმა აცნობა, მეკობრეები 15 მილიონ დოლარს ითხოვენ, როცა ბერძნული კომპანია მხოლოდ 150 ათასის გადახდაზეა ყაბულს.

„ოლიბ ჯი“ ალექსანდრიის ნავსადგურიდან ინდოეთში ჯართში ჩასაბარებლად მიჰყავდათ და გემთფლობელს ის სწორედ ამ თანხად ჰყავდა დაზღვეული. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა კომპანია „გრინვიჩის“ მეპატრონე სერგო დევაძემ, ამ კომპანიამ დაასაქმა ქართველი მეზღაურები ტანკერ „ოლიბ ჯი“-ზე.

„დასახელდა 15 მილიონი დოლარი, მაგრამ მეკობრეებთან, როცა საუბრობს ჩემი შვილი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მილიონი დოლარიც რომ გადაიხადონ, თანახმანი იქნებიან და გამოუშვებენ გემს.

გემთფლობელს ერთი კვირის უკან ვესაუბრე, ბერძნები ამბობენ, რომ 150 ათასს გადავიხდით მეტი არ გვაქვსო. მოკლედ ვაჭრობა მიდის, სავარაუდოდ, ბერძნებიც აუწევენ ფასს, მაგრამ ყველაფერი დროზეა დამოკიდებული. თუ კიდევ სამი-ოთხი თვე მოუწიათ ჩვენებს იქ დარჩენა, ის ხალხი ადამიანებად აღარ ივარგებენ.

ეს გემი ამდენი, რა თქმა უნდა არ ღირს, გემთფლობელისგან იყო ასეთი შეთავაზებაც, რომ გემი არ გვჭირდება, შეგიძლიათ დაიტოვოთ, ოღონდ ეკიპაჟი გაანთავისუფლეთ, მაგრამ მეკობრეებს გემი არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ მხოლოდ ფული, იმიტომ, რომ გემს ვერ ამუშავებენ და ვერაფერში გამოიყენებენ.“

დღეისათვის ტანკერი, სომალის ორ სეპარატისტულ ანკლავს - სომალილენდსა და პუნტლენდს შორის მდებარე სადაო ტერიტორიის - საანაგის სანაპიროსთან დგას. დატყვევებული მეზღვაურების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ბოლო ინფორმაციით, გემზე თითქმის ამოიწურა საჭმლისა და სასმელი წყლის მარაგი. ქართველები და თურქები უმძიმეს სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, მათ 24 საათის მანძილზე დარაჯობს ავტომატებით შეიარაღებული რამდენიმე მეკობრე. სერგო დევაძე, რომლის შვილი დავით დევაძეც ასევე ტყვეობაშია, ამბობს

„გუშინ, საღამოს ექვს საათზე, ჩემმა შვილმა, კაპიტნის მეორე თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ გემზე საჭმელი და სასმელი უკვე გათავდა, გემის საწვავიც უკვე თავდება.

ძალიან ნერვიული მდგომარეობაა ეკიპაჟსა და მეკობრეებს შორის. ითხოვეს დახმარება, გვთხოვეს მივმართოთ მთავრობას, საკონსულოებს თურქეთსა და საბერძნეთში რომ რამენაირად უშველონ ამ ხალხს.

გემზე უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა, სიბინძურე, მალე შიმშილობაც შეიძლება დაიწყოს. თვითონ მეკობრეები მეზღაურებს არაფერს უშავებენ, მაგრამ როცა ავტომატებით გადგანან თავზე, რა თქმა უნდა უდიდესი ნერვული სტრესია.

იქ 15 ჩვენი მოქალაქეა, სამი თურქი და ყველას არ აქვს იმის ნერვები, რომ ეს მდგომარეობა აიტანოს. შემდეგში რა მოხდება მე ვერაფერს ვიტყვი, ჩემი ბიჭი ამბობს, რომ ძალიან დაძაბული მდგომარეობაა ეკიპაჟში.“

დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრებმა გასულ კვირას ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, აჭარის მთავრობის თავჯდომარესა და სახალხო დამცველს.

წერილში, ისინი სასწრაფო დახმარებას და სახელმწიფო სტრუქტურების გააქტიურებას ითხოვენ. ერთ-ერთი დატყვევებულის, შალვა ვერძაძის მეუღლე, ნათელა ვერძაძე ამბობს, რომ წერილს ჯერ არავინ გამოხმაურებია.

„ ეს იყო ერთი კვირის უკან. მივწერეთ, რომ ყურადღება მოექციათ და დაეჩქარებინათ ჩვენი მეზღვაურების განთავისუფლების პროცესი. პასუხი თუ რას აკეთებენ ან რას აპირებენ, რა თქმა უნდა არ მიგვიღია.“

საგარეო საქმეთა სამინიტროში ირწმუნებიან - სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, რომ ქართველი მეზღვაუები რაც შეიძლება მალე გაანთავისუფლონ.

უცნობია, ეს პოზიცია ნიშნავს, თუ არა, იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ შეიძლება გამოსასყიდი თანხის ნაწილი გადაიხადოს.

ასე, მოიქცა, მაგალითად უკრაინის სახელმწიფო, რომელმაც მეკობრეებს შარშან, საკუთარი მეზღვაურების დასახსნელად, არაოფიციალური ცნობებით, 3 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეზღუდულად. ჩვენი მხრიდან მხოლოდ ირიბად, იმდენად, რამდენადაც, გამტაცებლებთან კავშირზე იმყოფება მხოლოდ გემთმფლობელი, ბერძნული კომპანია. ჩვენ მათთან უშუალო კავშირზე ვართ.

ბუნებრივია, რამდენადაც, ჩვენი მხრიდან შესაძლებელი იქნება წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებებში და ასევე იმ პირობების დაკმაყოფილებაში, რომელსაც უყენებენ გემთფლობელს, ქართული სახელმწიფო მონაწილეობას მივიღებთ.

თუმცა, ჯერ ეს პირობები უნდა დაზუსტდეს. ამ ეტაპზე, გეტყვით, რომ სრულიად არარეალურ თანხებზე არის საუბარი, რომელსაც გემთმფლობელი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს რომ დაფაროს და გადაიხადოს.“

როგორც წესი, მეკობრეები გამოსასყიდის მისაღებად ვაჭრობას, უზარმაზარი თანხის მოთხოვნით იწყებენ, შემდეგ ეს თანხა კლებულობს, თუმცა, მხარეების შეთანხმებას თვეები სჭირდება.

ყველაზე დიდი თანხა, რომელიც ოდესმე გადაუხდიათ მეკობრეებისთვის, 7 მილიონი დოლარი იყო, ის ბერძნულ „მარან ცანტაურუსში“ მეკობრეებს შარშან გადაუხადეს. სუპერტანკერს 150 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

ყველაზე დიდხანს, 225 დღის მანძილზე, ტყვეობაში ყოფნა ბერძნული გემის "ჯენლილის“ ექვსკაციან ქართულ ეკიპაჟს მოუწია, ეს შემთხვევა 2003 წელს მოხდა.

ყველაზე ტრაგიკულად კი 2008 წელს, ასევე ბერძნული გემის „ექშენის“ დაკავება დასრულდა, მაშინ, ბათუმელმა მექანიკოსმა ენვერ ვარშანიძემ ტყვეობას ვერ გაუძლო და გემზევე თავი მოიკლა.

XS
SM
MD
LG