ევროპელმა ლიდერებმა 11-საათიან შეხვედრაზე, რომელიც მთელი ღამე გაგრძელდა, არც ისე იოლი ამოცანა დაისახეს: გადაერჩინათ ევრო და სავარაუდოდ ევროზონაც. იყო მოლოდინი, რომ ბრიუსელის უკანასკნელ სამიტზე საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი ორწლიან ციებ-ცხელებას ევროზონაში მიმდინარე მწვავე ფინანსური კრიზისის გამო, რომელმაც რიგ ქვეყნებში საპროტესტო დემონსტრაციები და არეულობაც კი გამოიწვია.
“კარგად ვაცნობიერებდი და ყველა კარგად ხვდებოდა, რომ ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო გულისყურით ადევნებდა თვალს. უნდა გვეჩვენებინა, რომ ეკონომიკური კრიზისისგან თავის დაცვა შეგვიძლია. ვფიქრობ, ამაღამ ევროპელებმა სწორი ზომები მიიღეს“ - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.
მსოფლიოს ბაზრებმა მკვეთრი ზრდით ქალბატონი მერკელის სიტყვები სწრაფად დაადასტურეს. ზრდა არამარტო ევროპულ, არამედ აზიურ და ამერიკულ ბირჟებზეც მოხდა.
ზედმეტი ოპტიმიზმი ნაადრევია და საკითხავია, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეს მდგომარეობა, ამბობს ტობაიას ბლატნერი, „დაივას კაპიტალური ბაზრების“ წარმომადგენელი:
„მთავარი კითხვა, რაც ამ შეხვედრის შემდეგ ჩნდება, არის ის, თუ რამდენი ხანი გასტანს ეს გადაწყვეტილება? ამ შემთხვევაში სპეციალისტები უფრო სკეპტიკურები არიან. მიგვაჩნია, რომ გამარჯვება მოკლევადიანი ეპიზოდი იქნება, რადგან სამიტმა ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა“ - ამბობს ბატონი ბლატნერი.
ევროპელი ლიდერები სამ ძირითად გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ: პირველი - მოხდება ბანკების 100 მილიარდი ევროთი რეკაპიტალიზირება. მეორე - საბერძნეთის მოვალეებს სთხოვენ ვალების ნახევრის ჩამოწერას. და მესამე - ევროპის მასტიმულირებელი ფონდი ტრილიონი ევროთი შეივსება, რათა ისეთი ქვეყნების დავალიანებები დაიფაროს, როგორიცაა იტალია და ესპანეთი.
"მაინც არ არის საკმარისი" - აცხადებს სიმონ ტილფორდი, ევროპის რეფორმის ცენტრის მთავარი ეკონომისტი - რადგან ამ ნაბიჯების გადადგმას წინ კიდევ რამდენიმე წინაპირობა აქვს:
“საუბარი არ ყოფილა ახალი ფულის გადარიცხვაზე. ისინი ზარალის ნაწილს იმ შემთხვევაში დაფარავენ, თუკი დაფინანსების პრობლემა გაჩნდება. საკითხავი ისაა, რამდენად დააინტერესებს ეს პირობა ინვესტორებს, რათა მათ ქვეყნებს პრაქტიკულად ფული ასესხონ. გაურკვეველია, მოხდება თუ არა ეს“ - ამბობს ეკონომისტი.
საბერძნეთში და იტალიაში ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებამ სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია. მათ შორის ბევრია სკეპტიკოსი, რომელსაც შეთანხმება არ მოსწონს. ისეთებიც არიან, ვისაც მიაჩნია, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ იყო, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა.
ევროპელი ლიდერები კი შემდეგი სამიტისთვის ემზადებიან. დიდი ოცეულის
მომდევნო შეხვედრა საფრანგეთშია დაგეგმილი. ევროპა საერთაშორისო მხარდაჭერის მოლოდინშია. ფინანსური პრობლემის საბოლოო გადაწყვეტისთვის თანადგომას ისეთი ქვეყნებისგან მოელიან, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი.