ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მისასალმებელია, თუმცა ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო - ფიქრობს ბობ ჰამილტონი, ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორი. პოლკოვნიკს მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში ბოლო დროს უფრო და უფრო მეტად ხედავენ, როგორც ამერიკის მოწინააღმდეგეების - ჩინეთისა და ირანის მიმართ მეგობრულად განწყობილ მთავრობას, ეს კი ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ რესპუბლიკელი ლიდერების კეთილგანწყობას მოუტანს. ამასთან, მისი აზრით, სანქცირებული ხელისუფლების მეთაურობით მოქმედ ჯართან და თავდაცვის ძალებთან სამხედრო თანამშრომლობაც ნაკლებ მიზანშეწონილი გახდება.
- 2025 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. განმარტებაში ნათქვამი იყო, რომ ამის მიზეზი არა მხოლოდ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, არამედ, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაა. რას ფიქრობთ ვაშინგტონის ამ ნაბიჯზე და ამ შეფასებაზე?
ეს საშუალებას აძლევს ამერიკის მთავრობას მომავალში [სანქციების] ესკალაცია მოახდინოს და გამოაცხადოს ახალი რაუნდები მთავრობის წარმომადგენლების მიმართ.
- ივანიშვილის სანქცირება ვფიქრობ, ნამდვილად მისასალმებელია და საჭირო იყო. დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კია. მაგრამ ეს აუცილებლად დააკისრებს მას საფასურს. ეს იქნება საზღაური საქართველოს მთავრობისთვის მისი ავტორიტარული შებრუნებისთვის, არა მხოლოდ ანტიდასავლური, არამედ - პრორუსული მიმართულებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მთავრობამ გამოიყენა სანქციების ის მექანიზმი და კანონმდებლობა, ის უფლებამოსილება, რომელიც საშუალებას იძლევა დაასანქცირონ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან.
ეს სიგნალი იყო ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან საქართველოს მთავრობისთვის, რომ ახლა ამერიკა საქართველოს ტრაექტორიას აი, ასე ხედავს - არა მხოლოდ როგორც მზარდად ავტორიტარულს და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივ ავტორიტარიზმს, მაგრამ ასევე იმ ევროპული მომავლისგან დაშორებას, რომელიც ქართველი ხალხის 80%-ის თქმით, მას სურს, და რუსეთისკენ მიბრუნებას. სანქციების გამოცხადება, და ის გზა, რაც ადმინისტრაციამ მის დასაწესებლად გამოიყენა, იმის თქმას ნიშნავდა, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ავტორიტარულს, არამედ ასევე, როგორც პრორუსულსაც.
- ახსენეთ, რომ ეს დაგვიანებული ნაბიჯიც კია. რატომ ფიქრობთ, რომ ეს სანქცია უფრო ადრეც უნდა დაწესებულიყო. და თუ ასეა, რა რეალური გავლენა ან ძალა ექნება ახლა მას? რას ნიშნავს ვაშინგტონისგან მისი ახლა, სწორედ ამ ეტაპზე დაწესება?
- დიახ, როგორც გითხარით, ეს ნაბიჯი გვიან გადაიდგა. ვფიქრობ, შეიძლებოდა ეს 6 თვის წინაც კი გაგვეკეთებინა, ან ერთი წლის წინაც კი, შეგვეძლო 2023 წელსაც კი გაგვეკეთებინა, როცა უცხოეთის აგენტების კანონი წარმოადგინეს და ამას პროტესტი მოჰყვა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ამის ბევრი შესაძლებლობა იყო, რადგან ნათელი ხდებოდა, რომ ეს მთავრობა მზარდად ავტორიტარული და მზარდად ანტიდასავლური იყო, [მოქმედებდა] ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ.
ვერ ვიტყვი იმას, რომ ერთი წლის ან წელიწადნახევრის წინ რომ გაგვეკეთებინა ეს, საქართველო ახლა სრულებით განსხვავებულ ტრაექტორიაზე იქნებოდა და პროევროპული, ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდებოდა. მაგრამ ჩვენ ნამდვილად დავუშვით ამ პროცესის განვითარება ზედმეტად დიდხანს საქართველოს მთავრობისთვის რეალური შედეგების ან საზღაურის გარეშე... უფრო ადრე უნდა გამოგვეყენებინა ეს ინსტრუმენტები და ბერკეტები რაც გვქონდა, რათა გვეცადა და შეგვეჩერებინა ავტორიტარიზმისკენ და ანტიდასავლური მიმართულებით, ქართველი ხალხის სურვილების საწინააღმდეგოდ სვლა.
ამ მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს. მთავრობის, რომელზეც ვფიქრობ, დასავლური მთავრობების უმრავლესობა თანხმდება, რომ არალეგიტიმურია.
- მაშინ რატომ გადაწყდა ივანიშვილის დასანქცირება ახლა? რაზე მიუთითებს ეს? ჩვენ არ გვინახავს ფინანსური სანქციები პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის ან იმ მაღალი რანგის ხელისუფალთა მიმართ, ვისაც მთავრობაში ოფიციალური პოზიცია აქვს და ამა თუ იმ კონკრეტულ ნაბიჯზე თუ კანონზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი. რაზე მიუთითებს ის, რომ სანქციების სამიზნე ბიძინა ივანიშვილი გახდა?
- ეს კარგი შეკითხვაა და აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი. თუმცა მას არ აქვს ფორმალური სამთავრობო როლი, ის არც პრეზიდენტია, არც პრემიერი და არც მინისტრი. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიდან აიცილოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის სპიკერის, პრეზიდენტის ან სხვათა სანქცირება. ის ასევე აძლევს მას საშუალებას მომავალში [სანქციების] ესკალაცია მოახდინოს და გამოაცხადოს სანქციების ახალი რაუნდები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, როგორც ეს სხვა პირების თუ კომპანიების მიმართ გაგვიკეთებია. ასე ვიქცეოდით 2014 წლის შემდეგ რუსეთთან მიმართებით.
ეს ასევე არის დე-ფაქტო აღიარება იმის, რომ ქვეყანას [ბიძინა] ივანიშვილი მართავს. ისაა საქართველოში ყველაზე ძლევამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სამთავრობო როლი. ის ქვეყანას კულისებიდან მართავს და ვფიქრობ ეს სანქციები იმიასაც აღნიშვნაც იყო, რომ ჩვენ ეს გვესმის.
- ექსპერტები განმარტავენ, რომ სანქცია არასდროსაა თვითმიზანი და ის კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის წინააღმდეგ იმიტომ წესდება, რომ მათ ქცევა, კურსი შეცვალონ. და რომ ყოველთვის რჩება სივრცე მათი გაძლიერების, გამკაცრების, უფრო მაღალ დონეზე აყვანის. რა ხდება ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით? რა შეიძლება კიდევ ვიხილოთ?
ძალიან კარგია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები არ ხდება პირდაპირ ჩართული მთავრობასა და ხალხს შორის ამ დაპირისპირებაში. მაგრამ არ მგონია, რომ ამერიკის ან ქართველი ხალხის ინტერესებში იყოს ის, რომ სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდეს, როცა სხვა ტიპის თანამშრომლობა გაყინულია.
- უპირველეს ყოვლისა, სანქციების მიზანი არის უცხო ქვეყნის მთავრობის ან კონკრეტული პირის მიერ ამა თუ იმ კონკრეტულ ქცევაზე პასუხისმგებლობის, საფასურის დაწესება. მხოლოდ სანქციები იშვიათად ცვლის [ვინმეს] ქცევას. ამან უნდა იმოქმედოს სხვა ბერკეტებთან, კომბინაციაში - დიპლომატიურ, საინფორმაციო, შეიძლება სხვა ეკონომიკურ ინსტრუმენტებთან ერთად. მთავრობამ შეიძლება შეცვალოს ქცევა, როდესაც ის წნეხის წინაშეა სხვადასხვა მიმართულებით. მხოლოდ ფინანსური სანქცია, თუკი მართლაც მთელი ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენა ამაზე არაა დამოკიდებული, იშვიათად ცვლის ქცევას. მაგრამ ის ზრდის ამ ქცევის საზღაურს. სხვა ინსტრუმენტებთან ერთად. იქნება ეს დიპლომატიური, საინფორმაციო, ეკონომიკური, ზოგჯერ პოზიტიური წახალისებაც კი - ყოვლისმომცველ მიდგომას შეუძლია ქცევის შეცვლა. სანქციების მიზანი კი საზღაურის დაწესება და სიგნალის გაგზავნაა.
რაც შეეხება უშუალოდ ივანიშვილის დასანქცირებას, ეს დიდი ნაბიჯია... გვქონდა სანქციები სხვადასხვა მაღალჩინოსნის, მოსამართლის წინააღმდეგ, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების სანქციები არ გვინახავს, პრემიერი იქნებოდა ეს თუ სხვა მინისტრები. ეს კვლავ უტოვებს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ ისინიც დაასანქციროს, და მათ ვერ შეძლონ მაგალითად, ამერიკაში ჩამოსვლა თავისი ოფიციალური ფუნქციების შესასრულებლად.
კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც ამერიკას შეუძლია საზღაურის გასაზრდელად, არის სანქციების ივანიშვილის ოჯახზე და მის ახლობლებზე გავრცელება. როგორც ეს რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში გავაკეთეთ. რაც უშუალოდ მისთვის და მისი ოჯახისთვის გაზრდის [ამ ქმედებებისთვის] საფასურს. თუ ვიგრძნობთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, შესაძლებელია სანქციების მის ოჯახზე და ახლო წრეზე გავრცელება. თუნდაც მთავრობის დასანქცირების გარეშეც კი, პირადად მისი პასუხისმგებლობის გაზრდა.
- ზოგიერთი შეფასებით, ამ სანქციის გზავნილი შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე უშუალოდ ფინანსური ზიანი - რომ ეს ქართველ ხალხთან ერთად, “ქართული ოცნების” შიდა წრესაც მიემართება და მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელშეუხებელი არაა და შესაბამისად, ვერც სხვა ვინმე გაექცევა ამგვარი პასუხისმგებლობას. ფიქრობთ, რომ ამან შიდა შესაძლოა პოლიტიკურ პროცესზე რეალური გავლენა მოახდინოს?
- დარწმუნებული ვარ ეს იქნებოდა თეთრი სახლის გათვლის ერთ-ერთი ნაწილი, რომ თუკი ამ ადამიანს ისე ხედავენ, თითქოს ის კანონზე მაღლა დგას, [აჩვენონ, რომ] ეს ასე არაა, ყოველ შემთხვევაში, არა ამერიკული კანონმდებლობით. რაც შეეხება შიდა რღვევას, ეს ძნელი სათქმელია.
თუკი წნეხი საკმარისად დიდხანს შენარჩუნდება, სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობა დაიშლება ისე, როგორც ერთი ფიგურის ირგვლივ აშენებული ამგვარი ავტორიტარული რეჟიმების უმეტესობა იშლება.
უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მთავრობა მიემართება პერსონალიზებული ავტორიტარული, პუტინის მსგავსი რეჟიმის მიმართულებით, როგორიც ასადის რეჟიმი იყო, როგორიც ალიევის რეჟიმია აზერბაიჯანში და ასე შემდეგ. ერთი რამ, რისი თქმაც გარკვეული დარწმუნებით შეგვიძლია ამ პერსონალიზებული ავტორიტარული რეჟიმების შესახებ, როგორიც საქართველოს მთავრობაა, ისაა, რომ ისინი მტკიცედ გამოიყურება, მაგრამ ისინი მყიფეა. ასე რომ როდესაც ბზარები ჩნდება, ისინი ძალიან სწრაფად ვრცელდება და მთელი სტრუქტურა იშლება. ეს ვნახეთ სირიაში, დიდი დრო არ დასჭირდა იმას, რომ უსაფრთხოების ძალებს ასადი მიეტოვებინათ და ის ქვეყნიდან გაქცეულიყო. ასე რომ, გარკვეულ ეტაპზე, თუკი წნეხი საკმარისად დიდხანს შენარჩუნდება, სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობა დაიშლება ისე, როგორც ერთი ფიგურის ირგვლივ აშენებული ამგვარი ავტორიტარული რეჟიმების უმეტესობა იშლება.
- ცოტა ხნის წინ მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო და რამდენიმე წინააღმდეგობრივ კანონს ხელიც მალევე მოაწერა. სალომე ზურაბიშვილმა სასახლის დატოვებისას თქვა, რომ ლეგიტიმურობა თან მიაქვს. რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე და იმ ახალ რეალობაზე, რაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამ შექმნა?
- სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც დასავლეთის წარმომადგენელთა უმეტესობა ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს, ორბელიანის სასახლის დატოვებითთავიდან აიცილა ფიზიკური, შესაძლო ძალადობრივი კონფრონტაცია და ეს შესაძლოა ღირდა კიდეც ამ ცერემონიული პოსტის დათმობად. ვფიქრობ, დასავლურმა მთავრობებმა მკაფიოდ უნდა თქვა, რომ ყაველაშვილი არაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ის სამართლებრივად არაა ლეგიტიმური პრეზიდენტი. პარლამენტი მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს. ეს არ მომხდარა, რადგან სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, რადგან არჩევნები, რომლითაც ის აირჩიეს, მოპარულია - არსებითად მანიპულირებული. ოპოზიციას არ დაუკავებია მანდატები. ასე რომ, ესაა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არალეგიტიმურია, ის ნიშნავს არალეგიტიმურ პრეზიდენტს. დასავლურმა მთავრობებმა ძალიან ნათლად უნდა თქვან, რომ ეს კაცი მათი შეხედულებით, არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის არალეგიტიმური არჩევნების შედეგად შეკრებული არალეგიტიმური პარლამენტის დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია.
- ჩვენ საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვისაუბრეთ და მაშინ ამბობდით, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების თაობაზე კითხვები ქვეყანას რთულ, ბუნდოვან და მეტი იზოლაციის მდგომარეობაში აყენებდა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. ამის შემდეგ ვიხილეთ ინდივიდუალური სანქციები, სავიზო შეზღუდვები, "მაგნიტსკის აქტში" შინაგან საქმეთა მინისტრის შეყვანა. რა ვითარებაა შექმნილი დღეს ქვეყნისთვის, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები სანქციებს უწესებენ და ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდებენ?
- საქართველო დასავლური მთავრობებისგან უფრო ნაკლებ ყურადღებას მიიღებს და უფრო ნაკლებ პრიორიტეტული გახდება. საქართველოს მნიშვნელობა დასავლეთისთვის - ევროპის, ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკისთვის ორ ფაქტორს ეფუძნებოდა: ერთი, ეს იყო იდეა, რომ საქართველო აშენებდა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ მმართველობას იმ სამეზობლოში, სადაც ეს ყველაფერი ძალიან იშვიათია და მას შეეძლო ამ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი ყოფილიყო. მას ხედავდნენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დემოკრატიზაციას, ლიბერალიზაციას... და თუ ეს პროცესი დასრულდება, საქართველო დასავლური მთავრობებისთვის პრიორიტეტების სიაში ძალიან დაბლა ჩაცურდება.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას, კონგრესმა სანქციები დაუწესა რუსეთს და ის კანონის ფორმით მიიღო. რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ კონგრესსვე შეუძლია მათი მოხსნა.
ვფიქრობ, სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. ერთ-ერთი ის იყო, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ახალი წელი მიულოცა. (მოგვიანებით, გაკეთდა განმარტება, რომ ახალი წელი გენერალურმა მდივანმა ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერს მიულოცა) ეს ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს...
ამ მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს - მთავრობის, რომელზეც ვფიქრობ, დასავლური მთავრობების უმრავლესობა თანხმდება, რომ არალეგიტიმურია. ჩვენ უკვე ისეთი სიტყვების გამოყენებასაც კი ვიწყებთ, როგორებიცაა დეფაქტო პრემიერი, დეფაქტო თავდაცვის მინისტრი... ასე რომ, თუ ასეთ ენას ვიყენებთ, მაშინ ნამდვილად არ უნდა ვაგრძელებდეთ ფორმალურ დიპლომატიურ კორესპონდენციას მათთან.
- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სანქციები ჯილდოა ქვეყნის ეროვნული ინტერესების მსახურებისთვის, და რომ 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი გაუმჯობესდება. თუმცა ბოლო დროს ხშირად გვესმის კრიტიკა რესპუბლიკელი კანონმდებლებისგან, განსაკუთრებით კი ჯო უილსონისგან, რომელიც ამ საკითხს ახალ კონგრესშიც აყენებს. რას ნიშნავს ეს განწყობები კონგრესიდან?
- “ქართული ოცნების” ხელისუფლება იმავე შეცდომას უშვებს, რასაც ბევრი სხვა მთავრობა [მსოფლიოში], როცა ამერიკასთან აქვთ საქმე. ესაა არასწორი გაგება იმის, თუ როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა და მიიჩნევენ, რომ მთელი ძალაუფლება თეთრ სახლშია თავმოყრილი, პრეზიდენტი ტრამპი ან ბაიდენი კი ყველაფერს გააკეთებენ, რაც ენდომებათ და როგორც კი დონალდ ტრამპი ძალაუფლებას დაიბრუნებს, ყველაფერი რიგზე იქნება.
ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ ეფუძნება იმის აღქმას - რაც ჩემი აზრით, არასწორია - რომ ტრამპი თუ კეთილგანწყობილია ისეთი მემარჯვენე პოპულისტური ავტორიტარების მიმართ, როგორიც ორბანი, ფიცო ან ერდოღანია, ან თუნდაც პუტინი, თითქოს “ქართული ოცნება” მოექცევა ამ კატეგორიაში და თეთრი სახლი მას კეთილი ან დადებითი თვალით შეხედავს... ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ისინი თეთრი სახლის რადარზე აღმოჩნდნენ. ტრამპმა შეიძლება ერთი-ორჯერ კეთილი სიტყვებიც კი თქვას, მაგრამ შედეგად ეს რაიმე ტიპის გადატვირთვას არ გამოიწვევს.
მეორე არასწორი აღქმა კონგრესის როლს ეხება. კონგრესს ნამდვილად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საგარეო პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი მას თეთრი სახლი განსაზღვრავს. როდესაც საქმეში კონგრესი ერთვება, მას შეუძლია გამოსცეს კანონმდებლობა და თეთრ სახლს რაიმე ნაბიჯი გადაადგმევინოს, ან არ გადაადგმევინოს.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას, კონგრესმა სანქციები დაუწესა რუსეთს და ის კანონის ფორმით მიიღო. რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ კონგრესსვე შეუძლია მათი მოხსნა. როგორც წესი, თეთრი სახლი წყვეტს ამას, მაგრამ როდესაც ეს კონგრესის დაწერილია, მისი უფლებამოსილების ფარგლებშია და კანონის ფორმა აქვს, მაშინ მხოლოდ კვლავ კონგრესს შეუძლია მისი შეცვლა. მაშინ ეს კონგრესმა იმიტომ გააკეთა, რომ არსებობდა შეშფოთება, რომ თუ დონალდ ტრამპს ამის შესაძლებლობა ექნებოდა, შეიძლებოდა ეს სანქციები მოეხსნა.
ჰელსინკის კომისია, ჯო უილსონის ლიდერობით, ძალიან მტკიცე ხმაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული მომავლის თაობაზე და საქართველოს ავტორიტარული, პრორუსული შემობრუნების წინააღმდეგ.
- ბოლო დროს შესამჩნევია, რომ რესპუბლიკელ კანონმდებელთა მხრიდანაც, იცვლება “ქართულ ოცნებაზე” საუბრის კონტექსტი. უფრო და უფრო ხშირად ისმის ის, რომ ეს ამერიკის მოწინააღმდეგეების - ირანისა და ჩინეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ხელისუფლებაა. როგორ გგონიათ, რას ცვლის ეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაინახავენ რესპუბლიკელი ლიდერები საქართველოს მმართველ გუნდს - იქნება ეს დონალდ ტრამპის თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი თუ რესპუბლიკელთა უმრავლესობის მქონე კონგრესი?
- ვფიქრობ, ეს ძალიან ჭკვიანური იყო [ჯო უილსონის] მხრიდან, რომ მან გააფართოვა ამ თემაზე საუბარი არა მხოლოდ როგორც ავტორიტარული და პრორუსული მთავრობის შესახებ, არამედ მის შესახებ, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან და ჩინეთთან, ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია, ჩინური კომპანია ააშენებს ახალ, ანაკლიის პორტს. ვფიქრობ ეს გზავნილები თეთრ სახლს მიემართება, რადგან ჯო უილსონმა იცის, რომ მომავალი ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა რუსეთის მიმართ უფრო ნაკლებ მკაცრი იყოს, და ჩინეთისა და ირანის მიმართ იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე - ახლანდელი ადმინისტრაცია...
ესაა “ქართული ოცნების” მთავრობის მოქცევა იმ ჩარჩოში, რომ ის არამხოლოდ ავტორიტარული და პრორუსულია, არამედ, ასევე თანამშრომლობს ამერიკის სხვა მოწინააღმდეგეებთან.
და იმის თქმით, რომ საქართველოს მთავრობა ასევე არის პროირანული და პროჩინური, ვფიქრობ ჯო უილსონი და სხვები, ვინც ამას ამბობენ, [ხვდებიან] რომ ადამიანები თეთრ სახლში, რომლებსაც შესაძლოა იმდენი მიმღებლობა არ ჰქონდეთ “პრორუსულობის” არგუმენტის, უფრო მიმღებლები იქნებიან იმ არგუმენტის, რომ “ქართული ოცნება” პროჩინური და პროირანულია. ესაა “ქართული ოცნების” მთავრობის მოქცევა იმ ჩარჩოში, რომ ის არამხოლოდ ავტორიტარული და პრორუსულია, არამედ, ასევე თანამშრომლობს ამერიკის სხვა მოწინააღმდეგეებთან.
- თქვენ კარგად იცნობთ ქართულ თავდაცვის ძალებს, სისტემას შიგნით და ქართველ სამხედრო მეთაურებსაც. როგორ ფიქრობთ, იმ ვითარებაში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი დასანქცირებულია, და შიდა უსაფრთხოების ძალები ხშირად გამოიყენება დემონსტრაციების დასაშლელად, რა ვითარება ექმნება ქართულ ჯარს, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან ათწლეულებია თანამშრომლობს, იღებს წვრთნას ამერიკის, ბრიტანეთისა თუ სხვა პარტნიორების შესაბამისი უწყებებისგან. როგორ შეიძლება გაგრძელდეს სამხედრო ურთიერთობები?
- ეს ქართულ თავდაცვის ძალებს ძალიან, ძალიან დელიკატურ სიტუაციაში აყენებს. რადგან თავდაცვის სამინისტროსა და ძალების პოლიტიზება ძალიან საშიში გზაა. [როგორც წესი] დემოკრატიაში არის ძალიან ძლიერი ნორმები, ინსტიტუციური გაყოფა შეიარაღებული, თავდაცვის ძალების მიერ ქვეყნის საგარეო საფრთხისგან დაცვასა და შიდა წესრიგის დაცვას შორის. მაგალითად, შეერთებული შტატების ჯარს ნულოვანი როლი და უფლებამოსილება აქვს ქვეყნის შიგნით წესრიგის შენარჩუნებაში, გარდა კონკრეტული ექსტრაორდინარული სიტუაციებისა.
სამხედრო დახმარება უნდა შეწყდეს ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის.
ასე რომ ძალიან მართებული და სწორია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ამ კონფრონტაციის მიღმა რჩება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც და თუკი შეიქმნება რაიმე უფრო დიდი ესკალაცია, უფრო დიდი მასშტაბის ძალადობრივი ესკალაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩააგდებს იმ პოზიციაში, რომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩეს, რომ არჩევანი გააკეთოს - თუკი კონფრონტაცია “ქართული ოცნების” მთავრობასა და მეორე მხრივ პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ისეთ ეტაპზე იქნება, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ამაში ჩართული აღმოჩნდება, ეს ყველაფერს მხოლოდ გააუარესებს. ვფიქრობ აღმაფრთოვანებელია ის, რომ ისინი ცდილობენ ამ ყველაფრის მიღმა და აპოლიტიკურად დარჩენას.
საქართველოს თავდაცვის ძალების ბევრ მეთაურს განათლება ევროპაში, ამერიკასა და კანადაში აქვს მიღებული. მათ ესმით სამხედრო და სამოქალაქო ნაწილებს შორის ურთიერთობა, ჯარის როლი დემოკრატიაში და ის, რომ ჯარი აპოლიტიკური უნდა იყოს. და ეს კარგია. ცუდი ისაა, რომ დასავლეთში განათლებამიღებული და გაწვრთნილი ბევრი ოფიცერი ქართული თავდაცვის ძალებიდან წავიდა, რადგან ესმოდათ, რომ დასავლური ცოდნა და წვრთნა მათ კარიერას უკვე აღარ წაადგებოდა. ბევრი მაღალი რანგის ოფიცერი, ვისაც მე პირადადაც კი ვიცნობ, მიდის. ზოგი ქვეყნიდანაც კი მიდის, რადგან შიშობს თავისი პროფესიული კარიერის გამო...
ვფიქრობ, ქართულ ჯარში საკმარისი ცოდნაა იმისა, როგორი უნდა იყოს მისი როლი დემოკრატიაში, ის არ ერევა კონფრონტაციაში და იმედი მაქვს შეძლებენ, რომ ასეც გაგრძელდეს. რადგან როცა ჯარი ყაზარმებიდან გამოდის, ეს მხოლოდ ძალადობის ესკალაციას იწვევს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია გარკვეული ტიპის სამხედრო თუ თავდაცვითი კუთხით თანამშრომლობა ამერიკა-საქართველოს შორის იმ პირობებში, როცა მნიშვნელოვანი წვრთნები და მთავრობის ფინანსური დახმარება გაყინულია?
- ძნელი სათქმელია. თუკი მოვლენები იმავე ტრაექტორიით განვითარდება, როგორც ახლა, თუკი აღარ ჩატარდება წვრთნები საქართველოსთან, საერთაშორისო სამხედრო საწვრთნელი და საგანმანათლებლო პროგრამები ალბათ შეწყდება ან გაიყინება, ეს ნიშნავს, რომ ამერიკული ფინანსები ქართველების განათლებისა და წვრთნებისთვის ამერიკასა თუ ევროპაში დიდი ალბათობით ასევე გაიყინება. ეს შეამცირებს ასევე ქართული თავდაცვის ძალების წევრების შესაძლებლობას, რომ წვრთნა და განათლება დასავლეთში მიიღონ. ეს მათი კარიერისთვის წარმატების მომტანი აღარ იქნება. ეს ამ მთავრობაში უკვე ტვირთი გახდება. ბევრს აღარც კი უნდა დასავლეთში სასწავლებლად წასვლა, რადგან ესმით, რომ მათი ქართულ ძალებში დაბრუნებით, მათი კარიერა პრაქტიკულად დასრულდება. ასე რომ ეს სამხედრო თანამშრომლობისთვის კარგს არაფერს მოასწავებს.
ვაშინგტონში არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ სამხედრო ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, როგორც მთლიანი ურთიერთობის მტკიცე საფუძველი და იქნებ შემდეგ შევძლოთ ამ ურთიერთობის თავიდან აშენება სწორედ ამ სამხედრო პარტნიორობაზე დაფუძნებით. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იქნება. ეს გვიცდია სხვა ადგილებშიც, სადაც ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობა მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს თითქმის არასდროს გამოდის. მე არ ვურჩევდი არავის საქართველოსთან დაკავშირებით ამის გაკეთებას. სამხედრო დახმარება უნდა შეწყდეს ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის.
ეს მიზანშეწონილი არ იქნება. სულ მცირე მიზანშეუწონელია ამერიკისთვის საქართველოს ჯარისთვის წვრთნების გაგრძელება, აღჭურვილობის მიწოდება და წვრთნა, ცოდნის მიწოდება ქართული ჯარისთვის მაშინ, როცა ის ემსახურება არალეგიტიმურ მთავრობას, ავტორიტარულს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ მთავრობას. ძალიან კარგია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები არ ხდება პირდაპირ ჩართული ქვეყნის მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის ამ დაპირისპირებაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ამერიკის ან ქართველი ხალხის ინტერესებში იყოს ის, რომ სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდეს მაშინ, როდესაც სხვა ტიპის თანამშრომლობა გაყინულია.