ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის კრიზისი - მთავრობების და ანალიტიკოსების თავსატეხი


ევროპის კრიზისი - მთავრობების და ანალიტიკოსების თავსატეხი
ევროპის კრიზისი - მთავრობების და ანალიტიკოსების თავსატეხი

ევროპის მთავრობები კვლავ ცდილობენ ფინანსური კრიზისის დაძლევას. მათ ამის მიღწევა ნაკლები ფინანსური დანახარჯებით ან შესაბამისი პოლიტიკური ცვლილებებით სურთ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი ევროზონაში შექმნილი პრობლემების შესახებ დეტალებს ბრიუსელიდან არკვევდა.

ევროკომისიის შენობებზე აღმართული 27 დროშა, წევრი ქვეყნების ერთობაზე მიუთითებს, თუმცა გარეგნულად არ ჩანს ის განსხვავება, რამაც ევროზონაში ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნა განაპირობა. გასაჭირში მყოფი ევროპული ქვეყნები დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ. იტალიაში და სხვა ქვეყნებში მოსახლეობა დანახარჯების შეკვეცას და მთავრობის მიერ განხორციელებულ ზომებს აპროტესტებს. კრიზისის ზღვარზე იმყოფება ერთერთი უმსხვილესი ბელგიურ-ფრანგული ბანკი, რომლის ხელმძღვანელობამ ევროპული მთავრობები არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმაში დაადანაშაულა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კრიზისის ნიშნები გამოჩნდა.

ძლიერი ეკონომიკური ქვეყნების გერმანიის და საფრანგეთის მთავრობები კრიზისის დაძლევისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფას გეგმავენ. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.

ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებელი მარიო მონტი ამჟამად იტალიაში ბოკონის უნივერსიტეტის პრეზიდენტია. ის ევროპელი ლიდერების ცუდ მმართველობაზე საუბრობს.

„ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თუმცა შედეგის მისაღებად მოთმინება გვჭირდება. თითოეულმა მათგანმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებმა და არა როგორც ქვეყნების ლიდერებმა,“ - აცხადებს მარიო მონტი.

თუმცა, ლიდერები გამუდმებით იღებენ გადაწყვეტილებებს უკანასკნელი კრიზისის დასაძლევად. ზოლტ დარვასი ბრიუსელში მოქმედი ანალიტიკური ორგანიზაციის ეკონომიკის საკითხების მკვლევარია.

„მთავრობები მუდმივად ცდილობენ, როგორმე პასუხი გასცენ საბაზრო ზეწოლას, თუმცა ევროპაში მთავარი პრობლემაა ის არის, რომ ისინი ცდილობენ სასწრაფო ზომების მიღებას და უარს ამბობენ უფრო სერიოზული საკითხების გადასაჭრელად სერიოზული ზომების გატარებაზე,“ - ამბობს დარვასი.

მისი აზრით, საუკეთესო სცენარის მიხედვით ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება. მისივე თქმით, თუკი ბაზრებზე მოკლე ვადიანი კრიზისები შეწყდება, კონტინეტმა შესაძლოა თავი დააღწიოს კრიზისს. თუმცა, საბაზრო ფასები და ბანკების მოქმედება უნდობლობას აძლიერებს, რაც ბიზნესმენებზე უარყოფითად მოქმედებს.

ორგანიზაცია ბიზნესევროპის ხელმძღვანელი ფილიპე დე ბუკი ამბობს, რომ ბიზნესები მზად არიან ეკონომიკური ზრდისთვის, თუმცა შესაბამისი პირობები მთავრობებმა უნდა შექმნან.

„ნდობის შექმნას ხელს უწყოს, ის რომ პოლიტიკოსები ზრუნავენ პრობლემების მოგვარებაზე და ეს კრიზისი კი დიდხანს გრძელდება. ისინი ამბობენ, რომ დგამენ ნაბიჯებს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ მათ ეს ნაბიჯები ახლა უნდა გადადგან, ისე რომ ბიზნესს მიეცეს ზრდის საშუალება,“ - ამბობს დე ბუკი.

ევროპელი ლიდერები კი შეხვედრებს განაგრძობენ და კრიზისის მოსაგვარებლად არასრულ ნაბიჯებს დგამენ. ისინი ამჟამად, ნოემბერში დაგეგმილი „დიდ ოცეულის“ სამიტისთვის ემზადებიან.

XS
SM
MD
LG