გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროზონის ფინანსური პრობლემები ევროპისთვის უდიდესი კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
თუ 17 წევრიანი ევროზონა საბერძნეთის, იტალიის ან სხვა რომელიმე წევრი ქვეყნის ფინანსური პრობლემების გამო დაიშლება, მერკელის თქმით, გაერთიანებული ევროპის იდეის განხორციელება შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს.
საბერძნეთის საჯარო მოხელეებმა დღეს 3 საათიანი გაფიცვა მოაწყვეს ახალი მთავრობის წინააღმდეგ. ამ ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვედრების მორიგ რაუნდს იწყებენ საბერძნეთისთვის დამატებითი ტრანშის გამოსაყოფად.