ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული ნაციონალიზმი რეცესიის ფონზე


ევროპული ნაციონალიზმი რეცესიის ფონზე
ევროპული ნაციონალიზმი რეცესიის ფონზე

საფრანგეთში ყოველი ხუთი ამომრჩევლიდან ერთი, უკვე მარინ ლე პენის მხარდამჭერია

ევროზონაში შექმნილი კრიზისი ნაციონალისტურ ძალებს და მემარჯვენე რადიკალებს კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს. ისინი ერთიანი ევროპის პროექტს დიდი ხნის მანძილზე აკრიტიკებენ, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენად შეუწყობს ხელს ეკონომიკური კრიზისი არჩევნებში მათ წარმატებას. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი პარიზიდან არკვევდა.

პრეზიდენტობის მემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი უკვე დიდ ხანია საფრანგეთს ევროზნის დატოვებისკენ მოუწოდებს. მას შემდეგ რაც ევროზონის ქვეყნებში მწვავე კრიზისი დაიწყო, ეროვნული ფრონტის დემონსტრაციებზე მისმა გამოსვლებმა უფრო ფართო რეზონანსი შეიძინა. ბოლო გამოკითხვებში ყოველი ხუთი ამომრჩევლიდან ერთი, უკვე ლე პენის მხარდამჭერია. ბევრი მათგანი ევროზონაში შექმნილი კრიზისით შეშფოთებულია. არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი. თანდათანობით, ლე პენის ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები მედიის ყურადღებას იპყრობს. საფრანგეთის ტელევიზიამ რამდენიმე დღის წინ მისი ინტერვიუ გადასცა.

ლე პენის თქმით, მას სჯერა, რომ ევროს კრახი გარდაუვალია. ამიტომ, თუკი საფრანგეთს სურს მოსალოდნელი შედეგების თავიდან არიდება, ქვეყანა ევროზონიდან უნდა გამოვიდეს.

თომას კლაო ევროსაბჭოს პარიზის ოფისში საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.

„ევროზონის კრიზისი და მთავრობების უუნარობა გადაეჭრათ ეს პრობლემა მარინ ლეპენს ევროზონის ხელმძღვანელობაზე შეტევის ფანტასტიურ შანსს აძლევს. როგორც თავად ამბობს არც ევროზონა ფუნქციონირებს და არც ევროკავშირი,“ - ამბობს თომას კლაუ.

საფრანგეთის ეროვნული ფრონტი ევროპაში ერთადერთი ულტრამემარჯვენე მოძრაობა არ არის. ნაციონალისტური ჯგუფები თანდათან პოზიციებს იმყარებენ იტალიაში, ნიდერლანდებში, დანიაში და ფინეთში. საბერძნეთში მემარჯვენე რადიკალური პარტია -ლაოსი პირველად 40 წლის მანძილზე კოალიციურ მთავრობაში შევიდა.

ინტერნეტში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამ პარტიების უმეტესობა ემიგრანტების და მუსლიმების წინააღმდეგაა განწყობილი. ლონდონელი ანალიტიკოსი ჯონათან ბერდველი ამბობს, რომ ჯგუფებისთვის ევროკავშირის საწინააღმდეგო მიმართულება დამატებითი პლიუსია.

„ჩვენს მიერ გამოკითხული ჯგუფებისთვის ევროკავშირი ასოცირდება გადაჭარბებულ ფულის ფლანგვასთან და საზღვრების წაშლასთან, რამაც შედეგად მოიტანა იმიგრაციის მაღალი დონე, რომელმაც გამოიწვია კრიმინალის გაზრდა და ეკონომიკური ვითარების გაუარესება,“ - ამბობს ბერდველი.

თუმცა, ანალიტიკოსი კლაუ ამბობს, რომ ევროზონის კრიზისის და ულტრამემარჯვენე მოძრაობის გაძლიერების ერთმანეთან კავშირი ცხადად არ ჩანს.

„რაც შეიძლება ადვილად მოხდეს არის ის, რომ თუკი ევროზონაში ახალი რეცესია დაიწყება და ამის ნიშნები ძალიან აშკარაა, რასაკვირველია ამას მოყვება უმუშევრობის ზრდა, რაც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ანტიევროპულ პოლიტიკურ მღელვარებაში, რასაც ხელს შეუწყობენ პოპულისტური პოლიტიკური პარტიები,“ - ამბობს კლაუ.

გამოკითხვების შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო მარათონში სოციალისტი ფრანსუა ოლანდის და პრეზიდენტ სარკოზის შემდეგ მარინ ლე პენი ლიდერობს. თუმცა, მას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერ არ განუცხადებია.

ჯონათან ბერდველი და სხვა ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ლე პენმა მეორე ტურში გასვლა შეძლოს, როგორც ეს მამამისმა ჟან მარი ლე პენმა მოახერხა 2002 წელს. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ნაციონალისტები და მემარჯვენე რადიკალები ევროზონაში შექმნილ კრიზისს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ

XS
SM
MD
LG