ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში ანტიევროპული განწყობები იზრდება


საბერძნეთში ანტიევროპული განწყობები იზრდება
საბერძნეთში ანტიევროპული განწყობები იზრდება

რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ევროპისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

საბერძნეთის მთავრობა საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, სადაც მოსახლეობამ, ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას უნდა უყაროს კენჭი. თუკი, ბერძნები ამ გეგმის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, მაშინ საფრთხის ქვეშ დადგება გასულ კვირას ბრიუსელში ევროპელი ლიდერების შეთანხმება, რომელიც საბერძნეთის კრიზისის და შესაბამისად ევროპული რეცესიის მოგვარებას ისახავდა მიზანდ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი ბერძნების განწყობის შესახებ ახალ დეტალებს არკვევდა.

როგორც ცნობილია, მსოფლიო დემოკრატიის აკვნად ანტიკური საბერძნეთი ითვლება. ამჯერად, ბერძნებს საკუთარი ეკონომიკის ბედის გადაწყვეტა უწევთ, რაზეც მთელი ევროზონის მომავალია დამოკიდებული.

პრემიერ-მინისტრმა გეორგიუ პაპანდრეუმ თავისი გადაწყვეტილებით რეფერენდუმის შესახებ საბერძნეთსა და ევროპაში ბევრი გააოცა. რეფერენდუმი იანვარში უნდა ჩატარდეს. პარასკევს კი პარლამენტი მთავრობისადმი ნდობას უყრის კენჭს.

„ეს დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა, ეს არის პატრიოტიზმის უდიდესი მომენტი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასე რომ საბოლოო სიტყვა ჩვენს ხალხს და მოქალაქეებს ეკუთვნით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პაპანდრეუმ.

ევროკავშირის დახმარების ბოლო პაკეტი საჯარო სექტორის და საპენსიო დანახარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, საბერძნეთის მოქალაქეების ნახევარზე მეტი რეფერენდუმზე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას მხარს არ დაუჭერს.

პოლიტიკური მიმომხილველი, ჟურნალისტი კოსტას რაპტისი ამბობს, რომ საბერძნეთში ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობები იზრდება.

„ეკონომიკურად ძალიან დაუბალანსებელი ვითარებაა. ასევე არის პოლიტიკაშიც. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს დაუბალანსებელი ვითარება პოლიტიკურ ველზეც გავრცელდა, როდესაც ევროზონის ძლიერი ქვეყნები კარნახობენ პერიფერიას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ, “ - ამბობს რაპტისი.

ეს კი უთანხმოებას აჩენს გერმანიასთან, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საბერძნეთის კრიზისის მოგვარების გეგმის მთავარი ავტორია.

გასულ კვირას საბერძნეთში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დემონსტრაციაზე ანტიგერმანული დროშები და პლაკატები გამოიყენეს.

კოსტას რაპტისი ამბობს, რომ ბევრი ბერძენი მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალისთვის გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს.

ევროკავშირის ლიდერები კი ცდილობენ საჯაროდ დააფიქსირონ ევროპული ერთობა. თუმცა, რეფერენდუმის დაყენება აშკარად ზრდის უთანხმოების ფაქტორს. ჯორგ როხოლი ბერლინში მენეჯმენტის ევროპული სკოლის პრეზიდენტია.

„თუ პაპანდრეუს ბერძნების მხარდაჭერა ექნება მაშინ ვითარება კარგად წარიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში საბერძნეთის შესაძლოა ევროზონის გარეთ აღმოჩნდეს,“ - ამბობს როხოლი.

ამდენად, ევროპა შედარებით მშვიდი დღეების შემდეგ კვლავ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაურკვევლობაში ეფლობა.

XS
SM
MD
LG