ისრაელი აცხადებს, რომ მან დაასრულა ირანზე მიტანილი სერიოზული იერიში. ეს წელიწადზე მეტი ხნის ბრძოლის შემდეგ მოხდა, რომელიც დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭრილი ჯგუფის, "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმით, რომელსაც ისრაელმა ღაზის სექტორში "ჰამასზე" მასშტაბური იერიშით უპასუხა.
საბოლოო ჯამში, ომი რამდენიმე ფრონტის მქონე კონფლიქტში გადაიზარდა, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდა რეგიონში თეირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები, მათ შორის ლიბანში მყოფი "ჰეზბოლა".
შაბათს, 26 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა თქვეს, რომ მათი სამხედრო თვითმფრინავები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ შინ მას შემდეგ, რაც განახორციელეს „ზუსტი და მიზანმიმართული დარტყმები სამხედრო სამიზნეებზე ირანის რიგ რაიონებში“. აღნიშნული განცხადება ისრაელმა დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ გაავრცელა, მას შემდეგ, რაც გაჩნდა პირველი ცნობები ირანში მომხდარი აფეთქებების შესახებ. თავდასხმა თეირანის დროით დაახლოებით 2:30 საათზე მოხდა.
„დაზვერვის მონაცემთა საფუძველზე, ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა იერიში მიიტანა იმ რაკეტების მწარმოებელ ობიექტებზე, რომლებიც ირანმა გასული წლის განმავლობაში ირანზე მიტანილი იერიშებისთვის გამოიყენა“, - ნათქვამია განცხადებაში, „ეს რაკეტები პირდაპირ და უშუალო საფრთხეს ქმნიდა ისრაელის მოქალაქეებისთვის".
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა მიზანს მიაღწია, თუმცა მას ამ განცხადების დასასაბუთებლად რაიმე მტკიცებულება იქვე არ წარმოუდგენია. განცხადების მიხედვით, ისინი შეეცადნენ შეეზღუდათ ირანის საჰაერო შესაძლებლობები, რომელსაც თეირანი ისრაელის წინააღმდეგ იყენებს.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს "ირნა" (IRNA) ცნობით, რომელიც ეროვნული საჰაერო თავდაცვის ოფიციალურ ცნობას ეყრდნობა, ისრაელი თავს დაესხა სამხედრო ობიექტებს თეირანში და ირანის დასავლეთით მდებარე ორ პროვინციაში. თეირანის ცნობით, ირანულმა ძალებმა "წარმატებით" შეაჩერეს დარტყმების დიდი ნაწილი, რის შედეგადაც იერიშებმა მხოლოდ "შეზღუდული მასშტაბის ზარალის" მიტანა შეძლეს.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ ისრაელმა განახორციელა „ზუსტი საჰაერო თავდასხმები მრავალ სამხედრო სამიზნეზე ირანის მასშტაბით და დასახლებული ტერიტორიების გარეთ“.
თეთრი სახლის მიერ ერთი დღით ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ოპერაციის თაობაზე ინფორმირებულები არიან პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, მოვლენებს ორივე ლიდერი ყურადღებით აკვირდება.
26 ოქტომბერს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს და მიმდინარე სიახლეებზე უშუალოდ მისგან მოისმინა. ინფორმაციას პენტაგონის პრესმდივანი გენერალ-მაიორი პეტ რაიდერი ავრცელებს.
შეერთებულ შტატებს "ჰეზბოლა", "ჰამასი" და ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.