შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა თეირანს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციების მორიგი პაკეტი ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო დაუწესდა, რომელთაც მოსკოვი უკრაინაში უკანონო, სრულმასშტაბიან ომში იყენებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სამშაბათის განცხადების მიხედვით, სანქციები მიზნად ისახავს „ირანის დესტაბილიზაციის მომტანი ქმედებების“ კიდევ უფრო შეზღუდვას. სანქციები დაუწესდა ირანსა და რუსეთში დაფუძნებულ ბიზნესებსა და ინდივიდებს, მათ შორის ირანის ფლაგმან ავიაკომპანია "ირან ეარს", რომელიც ვაშინგტონის თქმით, მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემაში იყო ჩართული.
პენტაგონის პრესმდივანმა გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს Fath-360 ტიპის, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა და რომ მათი გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ სულ "რამდენიმე კვირის განმავლობაშია" შესაძლებელი. რაიდერის თქმით, შეიარაღების გადაცემამდე, რუსი სამხედროები ირანში ამ სისტემის გამოსაყენებლად, საგანგებო წვრთნებს გადიოდნენ.
ახალ რაკეტებს სამიზნის მიღწევა 120 კილომეტრის რადიუსში შეუძლა. რაიდერმა ამ ფაქტს მოვლენების "შემაშფოთებელი განვითარება" უწოდა, რადგან მსგავსი შეიარაღება რუსეთისთვის საბრძოლო არსენალის ანგარიშგასაწევი გაფართოება იქნება. რაიდერის თქმით, "ირანის მიერ რუსეთისთვის ამ ტიპის რაკეტების მიწოდება, დიდი ალბათობით, ერთჯერადი არ იქნება, ამ წყაროს რუსეთი სამომავლოდაც გამოიყენებს".
ირანსა და რუსეთს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა "ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას და აჩვენებს, რომ ირანის დესტაბილიზაციის მომტანი გავლენა გაცილებით სცილდება ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა 10 სექტემბერს, ლონდონში, ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, "თავის მხრივ, რუსეთიც უზიარებს ირანს მისთვის საჭირო ტექნოლოგიებს". მისი განცხადებით, ეს ქუჩაში "ორმხრივი მოძრაობის მსგავსია, მათ შორის - ბირთვულ საკითხებთან და ზოგიერთ კოსმოსურ ინფორმაციასთან მიმართებითაც".
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უფრო და უფრო ეყრდნობა შეიარაღების მიწოდებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან და დახმარებას ჩინეთიდანაც იღებს.
„ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პუტინს ძალუძს ამ აგრესიის გაგრძელება, არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის - დანადგარების უდიდესი მიმწოდებლის, მიკროელექტრონიკით ყველაზე დიდი მომმარაგებლის - მხარდაჭერა. ეს ყოველივე ხელს უწყობს რუსეთს თავდაცვის საწარმოო ბაზის მდგრადობას", - განაცხადა ბლინკენმა.
თავის მხრივ, 10 სექტემბერს რუსეთმაც დაადასტურა, რომ ირანთან "ყველაზე მგრძნობიარე" საკითხებში თანამშრომლობს. თუმცა, მოსკოვს ბალისტიკური რაკეტები განცხადებაში არ უხსენებია.
"ირანი მნიშვნელოვანი პარტნიორია", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან გამართულ სატელეფონო პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, რუსეთი ორ ქვეყანას შორის "თანამშრომლობასა და დიალოგს ყველა შესაძლო მიმართულებით ავითარებს, მათ შორის - ყველაზე მგრძნობიარე საკითხებში".
Facebook Forum