ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანმა ურანის გამდიდრების ტემპი დააჩქარა


ირანმა დამატებით ოთხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო ქვეყნის სამხრეთში, რომელთა საერთო სიმძლავრე 5000 მეგავატი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ თეირანის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტომ „ირნა“ 1 თებერვალს გამოაქვეყნა.

ირანის გამოცხადებული მიზანია, 2041 წლისთვის 20 000 მეგავატი ბირთვული ენერგიის წარმოება შეძლოს.

ამ დროისთვის ირანს ერთი აქტიური ატომური ელექტროსადგური აქვს, რომლის სიმძლავრეც 1000 მეგავატია. ის 2011 წელს რუსეთის დახმარებით ამოქმდდა. თეირანი ასევე აშენებს 300 მეგავატი სიმძლავრის სადგურს ნავთობით მდიდარ ხუზესტანის რეგიონში, ერაყის დასავლეთ საზღვართან.

გაეროს ბირთვულმა სააგენტომ გასულ წელს განაცხადა, რომ ირანმა გაზარდა ატომური შეიარაღების ხარისხის ურანის წარმოების ტემპი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ მოხსენებაში თქვა, რომ ირანმა „ბოლო კვირებში გაზარდა მაღალგამდიდრებული ურანის წარმოება“, რითაც შეცვალა 2023 წლის გამდიდრების მაჩვენებლები.

აქამდე ირანს შენელებული ჰქონდა ურანის 60%-მდე გამდიდრების ტემპი. ატომური იარაღის დონის ხარისხის მასალის დასამზადებლად, რაც ურანის 90%-მდე გამდიდრებას მოითხოვს, 60%-დან მხოლოდ მცირე ტექნიკური ნაბიჯია დარჩენილი.

დასავლეთი დიდი ხანია ეჭვობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შემუშავებას ცდილობს. ირანი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG