ორშაბათს "გამოძიების ფედერალურმა ბიურომ" - (FBI) გამოაცხადა, რომ გამოძიებას ატარებს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ თქვა, რომ მის შიდა კომუნიკაციებში ჰაკერული შეღწევა მოხდა. კამპანიამ ამაში ბრალი ირანის მთავრობას დასდო.
ყოფილი პრეზიდენტის მიერ შაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, „მაიკროსოფტმა“ მის კამპანიას აცნობა, რომ ირანმა მის ერთ-ერთ ვებგვერდზე ჰაკერულად შეაღწია. ტრამპმა თქვა, რომ ირანმა „მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიღება შეძლო“.
ორშაბათს გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა მასალა იმის თაობაზე, რომ ბიურო ასევე იძიებს სავარაუდო ჰაკერულ თავდასხმებს, რომლის სამიზნეც პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მრჩევლებიც გახდნენ.
ბიურომ გამოძიება ივნისში დაიწყო, როდესაც ბაიდენი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო რბოლაში იყო. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბიურო ეჭვობს, რომ ორი საპრეზიდენტო კამპანიის მონაცემების მოპარვის მცდელობების უკან ირანი იდგა.
ჰარისის კამპანიას კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. ირანის მთავრობამ კი ტრამპის კამპანიაში ჰაკერული თავდასხმის ფაქტი უარყო.
ტრამპის კამპანიამ მიუთითა „მაიკროსოფტის“ მკვლევრების პარასკევის ანგარიშზე, რომელიც მიანიშნებს, რომ ივნისში, ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიაში „მაღალი რანგის ოფიციალური პირის“ ანგარიშში შეღწევა სცადეს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჰაკერებმა ყოფილი პოლიტიკური მრჩევლის ანგარიში ჩაიგდეს ხელში და ის ოფიციალურ პირზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. „მაიკროსოფტმა“ სამიზნის ვინაობის შესახებ დამატებითი დეტალები არ წარმოადგინა.