სააგენტო "როიტერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას, ირანის მთავრობისთვის მომუშავე ჰაკერებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლების პირადი ელექტრონული ფოსტის ანგარიშების გატეხვა სცადეს. ამის შესახებ "როიტერს", ოთხმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
„ირანის მთავრობის უკან მდგარი ჰაკერების სამიზნე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაა და ისინი ინფორმაციის მოპარვას „ფიშინგის“ საშუალებით ცდილობენ“ - აცხადებს როიტერის ერთ-ერთი წყარო, რომელიც მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მავნე კიბერ აქტივობებს უწევს მონიტორინგს.
„ფიშინგი“ კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმაა. თავდასხმისთვის გამოიყენება ელექტრონული წერილი, ე.წ. მეილი, რომელიც ჰაკერების მიერ იგზავნება. მეილი წარმოჩენილია როგორც სანდო წყაროსგან მიღებული შეტყობინება, როგორიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია თუ პირი, ვისთანაც მსხვერპლს შესაძლოა ურთიერთობა ქონდეს.
გზავნილი შენიღბულია, თითქოს ეს არის სასწრაფო შეტყობინება, რომელშიც დამატებითი ინფორმაციისთვის ვებ-ბმუმლებია მოთავსებული, ან მიმაგრებულია დოკუმენტები. „ფიშინგ“ მეილში მოთავსებულ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შედეგად, შესაძლებელია მოხდეს მსხვერპლის კომპიუტერში შეღწევა ან მისგან დამატებით ინფორმაციის მოთხოვნა (პაროლი, მომხმარებლის სახელი, ბარათის ინფორმაცია და სხვა).
ჰაკერები ცდილობენ „ფიშინგ“ მეილები დააგზავნონ მასიურად, მაქსიმალურად მეტ ადრესატთან, რაც მათი წარმატების ალბათობას რეალურს ხდის.
მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია, მოახერხეს თუ არა ირანის მთავრობაზე მომუშავე ჰაკერებმა ანგარიშების გატეხვა. თუმცა, ნათელია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა უწყებები, რომლებიც კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეპიცენტრში არიან, ჰაკერების ციფრული დაბომბვის სამიზნე გახდნენ.
კორონავირუსის კრიზისის დაწყებიდანვე, ჰაკერებმა მიზანში ამოიღეს გაეროს წამყვანი ჯანდაცვის სააგენტო და მისი პარტნიორები. ამის შესახებ როიტერი ინფორმაციას მარტში ავრცელებდა.
სწორედ 2 მარტიდან გრძელდება ჰაკერების ძალისხმევა, მოიპარონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლების პაროლები ე.წ. „ფიშინგის“ მეთოდის გამოყენებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი ადასტურებს, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებზე „ფიშინგით“ თავდასხმის მცდელობა იყო, თუმცა ტარიკს ჯასარევიკი აცხადებს, რომ ორგანიზაციისთვის უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან. „როგორც ვიცით, ჰაკერული თავდასხმის არცერთი მცდელობა წარმატებით არ დასრულებულა“ - აცხადებს ჯანმოს სპიკერი.
თავის მხრივ, კიბერ თავდასხმებთან რაიმე კავშირს უარყოფს ირანის მთავრობა. ირანის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს სპიკერის თქმით, ირანი თავად იყო ჰაკერების მსხვერპლი და მსგავსი ინფორმაცია, ქვეყანაზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით ვრცელდება.
Facebook Forum