როდესაც მსოფლიო გლობალურ ეპიდემიას ებრძვის, მთავარი, რაზეც ადამიანთა უმეტესობა თანხმდება და რაზეც ყველაზე ნაკლები განსხვავებული აზრი ისმის, სამედიცინო პერსონალის მიმართ მადლიერებაა.
დღეს, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა ექიმებს, ექთნებს, მკვლევარებს და სამედიცინო სფეროს სხვა სპეციალისტებს მადლობას უხდის და მათი თავდადების, შრომის და მიღწევებისადმი პატივისცემას გამოხატავს, მეცნიერთა ნაწილი წინა საუკუნის ერთ-ერთ ასეთ გმირს - ექიმ ჟან მაკნამარას იხსენებს - ავსტრალიელ ექიმს, რომლის სახელსაც ერთ-ერთი უმძიმესი ვირუსული ინფექციის - პოლიომიელიტის ვაქცინის შექმნა უკავშირდება.
პოლიომიელიტი გადამდები, მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებითა და შედეგად კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლის განვითარება ხდება. ყველაზე რთული ფორმით, ის პარალიზით ვლინდება, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ სიკვდილიც. პოლიოვირუსი ენტეროვირუსების გვარს და პიკორნავირუსების ოჯახს ეკუთვნის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიომიელიტის ბოლო შემთხვევა 1979 წელს დაფიქსირდა, თუმცა გლობალური კამპანიის მიუხედავად, პოლიომიელიტის ვირუსი კვლავ ემუქრება ბავშვებსა და მოზრდილებს განვითარებად ქვეყნებში.
ჟან მაკნამარამ ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ პოლიომიელიტის კვლევას მიუძღვნა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პაციენტებთან, რომლებსაც კიდურები ნაწილობრივ ან სრულად ჰქონდათ პარალიზებული.
მაკნამარა ვიქტორიაში, ავსტრალიაში 1899 წლის 1 აპრილს დაიბადა. ის გამორჩეული სტუდენტი იყო მელბურნის უნივერსიტეტში, რომელიც 1922 წელს წარჩინებით, ორი - ქირურგიისა და ანატომიის მიმართულებით დაასრულა. სულ რაღაც 23 წლის იყო, როდესაც ბავშვთა სამეფო ჰოსპიტალში რეზიდენტი გახდა. ის ერთ-ერთი იყო პირველ ორ ქალ რეზიდენტს შორის. იქ მან ორი წელი გაატარა. ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ მაკნამარა კლინიკური ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა, შემდეგ კი კერძო პრაქტიკა დაიწყო იმისთვის, რომ უშუალოდ პოლიოთი დაავადებულ პაციენტებზე შესძლებოდა ფოკუსირება და შესწავლა. საავადმყოფოში მისი მუშაობის წლები ავსტრალიაში პოლიომიელიტის გავრცელების ერთ-ერთ უმწვავეს პერიოდს დაემთხვა.
სწორედ მაკნამარას კვლევის შედეგი იყო დასკვნა, რომ პაციენტებისთვის იმუნური შრატი პარალიზებამდე უნდა მიწოდებოდათ. მან საკუთარი კვლევის შედეგები დაიცვა და გამოაქვეყნა როგორც ავსტრალიურ, ისე ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალებში, თუმცა ეს მკურნალობა ჯერ ფართოდ აღნუსხული და აღწერილი არ იყო.
1931 წელს სწორედ მან, ავსტრალიელ ვირუსოლოგ ფრანკ მაკფარლან ბარნეტთან ერთად, აღმოაჩინა პოლიოვირუსის ერთზე მეტი შტამის არსებობა, რამაც ყველაზე მეტად გაუთქვა სახელი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რამაც საბოლოოდ, 1955 წელს ჯონას სალკის მიერ ვაქცინის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. მისი დასკვნების და კვლევის გარეშე რომ ვაქცინის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა, ამის აღიარების ნიშნად და ასევე ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის, მას ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადასცეს.
დაავადების განკურნების საშუალების ძიების გარდა, ჟან მაკნამარა ასევე ცდილობდა იმ ტკივილის შემსუბუქების გზები ეპოვნა, რასაც დაავადება ადამიანებს უტოვებდა. მანვე შეიმუშავა ახალი მიდგომები რეაბილიტაციისა და დაზიანებული კიდურების სტაბილიზაციისთვის. მაკანმარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებების დამცველი იყო, მანამ სანამ ამის შესახებ მსოფლიო ალაპარაკდებოდა. ის რეაბილიტაციასთან ერთად, პაციენტებისთვის საჭირო შემდგომი ზრუნვის და სერვისების აუცილებლობაზე საუბრობდა და ითხოვდა მათ. ის იყო პირველიც, ვინც ავსტრალიაში პირველი ხელოვნური რესპირატორი, იგივე ვენტილატორი შეუკვეთა. მაკნამარა 1968 წელს გულის დაავადებით გარდაიცვალა.