აშშ-ის კონგრესმა, რამდენიმე დღის წინ, 2.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკური მასტიმულირებელი პაკეტი დაამტკიცა კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად. ფედერალური ხარჯების ზრდასთან ერთად, იზრდება თაღლითობის რისკებიც გამომდინარე პროგრამის მოცულობიდან და მასშტაბებიდან.
მასტიმულირებელი პაკეტი, რომელიც კონგრესმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა, დიდი და მცირე ბიზნესებისთვის სესხების პროგრამებს ითვალისწინებს. მასში შედის ოჯახებისთვის ნაღდი ფულით დახმარება, შტატის და ადგილობრივი მთავრობისთვის ფონდების გამოყოფა, უმუშევრობის დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდა, ავიაკომპანიების, საავადმყოფოების და ეკონომიკის სხვა მნიშვნელოვანი სექტორებისთვის სესხების მიცემა.
ფინანსური თაღლითობის ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიდნენ ფედერალური მთავრობის პროგრამას 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, აცხადებენ, რომ თაღლითობის მცდელობებმა შესაძლოა ათობით მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
ნარი სზიკლაი, რომელიც ბუღალტერიის საკითხების ექსპერტია, ამბობს, რომ დაახლოებით 1 დან 3 პროცენტამდე 2,2 ტრილიონის პაკეტიდან შესაძლოა თაღლითურ სქემებში დაიკარგოს. „ეს იქნება 20 დან 60 მილიარდამდე“, - ამბობს ის.
მარკ გოლვეინი, „ფედერალური ბიუჯეტის პასუხისმგებლიანი ხარჯვის კომიტეტიდან“, ამბობს, რომ ეს გარდაუვალია. „როცა რომი იწვის, ერთ-ორ ქურდობაზე ვერ იდარდებ“, - აცხადებს ის.
ეს პაკეტი ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტოა. 2008 წელს, ფინანსური კრიზისის დროს, კონგრესმა 700 მილიარდის ოდენობის კორპორატიული დახმარების პროგრამა შექმნა და 787 მილიარდი გამოყო ეკონომიკის სტიმულირების მიზნით. მაშინ ფედერალურმა მთავრობამ ჯამში 1,4 ტრილიონი დოლარი დახარჯა.
ახლანდელი პაკეტი 2008 წელთან შედარებით, უფრო მეტ რამეს მოიცავს. კორპორაციებისა და ადგილობრივი მთავრობებისთვის პაკეტი 500 მილიარდს ითვალისწინებს. ამასთან, თითოეულ ამერიკელს, საჭიროებების მიხედვით, 1200 დოლარ ნაღდ ფულ მისცემს, ხოლო მცირე ბიზნესებისთვის 367 მილიარდის ოდენობის დახმარებას მოიცავს სესხების სახით.
იმისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული კორპორატიული თაღლითობის შემთხვევები, რომელიც ყველაზე დიდი მასშტაბების შეიძლება იყოს, შეიქმნა გენერალური ინსპექტორის თანამდებობა, რომელიც გაცემულ სესხებს შეისწავლის.
თავდაპირველად დემოკრატები სტიმულირების პაკეტის კორპორატიული დახმარების ნაწილს ეწინააღმდეგებოდნენ და კომპრომისი მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღწეული, რაც გენერალური ინსპექტორს თანამდებობაზე შეთანხმება მოხდა. თუმცა,თეთრი სახლის ოპონენტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას მაინც შეეძლებათ გავლენა მოახდინონ ინსპექტორზე.
მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, სპეციალური ინსპექტორის გამოძიების შედეგად, თაღლითობისთვის დამნაშავედ 300 ადამიანი იქნა ცნობილი. ამ ადამიანებს შორის არა მარტო მცირე მასშტაბის თაღლითები, არამედ ბანკის პრეზიდენტები და აღმასრულებლები იყვნენ. გამოძიებას დიდი დრო დასჭირდა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, მითვისებული თანხების დაბრუნება გამოძიებასთან ერთად შესაძლებელი იქნება. 2008 წლის პაკეტის მითვისებული თანხებიდან, დაახლოებით, 11 მილიარდი იქნა ამოღებული, აქედან 900 მილიონი მხოლოდ 2019 წელს.
Facebook Forum