ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძლიერდება ღაზაში ომის შეჩერებისა და მისი გავრცელების პრევენციისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა


პალესტინელი ბავშვები ელოდებიან ევაკუაციას ღაზის სექტორში მდებარე თავშესაფრად ქცეული სკოლიდან. ისრაელმა სექტორის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მასზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ემზადება. 16 აგვისტო, 2024.
პალესტინელი ბავშვები ელოდებიან ევაკუაციას ღაზის სექტორში მდებარე თავშესაფრად ქცეული სკოლიდან. ისრაელმა სექტორის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მასზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ემზადება. 16 აგვისტო, 2024.

ღაზაში მიმდინარე ომის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის პრევენციისთვის, 16 აგვისტოს, საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ მიზნით, ისრაელს ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, საერთაშორისო შუამავლობით კატარში მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა გაიმართოს.

საერთაშორისო დილომატიური ძალისხმევის გაძლიერებულ ტალღას, წინ უსწრებდა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე ომში დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა. ამასთან, კვლავ მაღალი რჩება მოლოდინი, რომ ირანი და ლიბანში ბაზირებული „ჰეზბოლას“ მებრძოლები, დაჯგუფებების ლიდერების ლიკვიდაციის შემდეგ, ისრაელს თავს დაესხმებიან.

„ეს არის სახიფათო მომენტი ახლო აღმოსავლეთისთვის“, - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ. მისივე თქმით, „ვითარების კონტროლიდან გამოსვლის რისკი იზრდება და რეგიონისთვის, ირანის ნებისმიერ თავდასხმას დამანგრეველი შედეგი ექნება“.

რეგიონში ვიზიტის განმავლობაში, ლამი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟორნე, სავარაუდოდ, ერთობლივ შეხვედრას გამართავენ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან.

„არასდროს არის ძალიან გვიანი, მშვიდობისთვის. ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან რეგიონული ომი, რომელსაც საშინელი შედეგები მოჰყვება“, - თქვა სეჟორნემ.

საერთაშორისო შუამავლები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე დაძაბულობის საუკეთესო განმუხტვა იქნებოდა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება.

ერთი დღით ადრე, კატარში, შეერთებულმა შტატებმა, კატარმა და ეგვიპტემ, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო და უკვე გამართეს შეხვედრა ისრაელის დელეგაციასთან.

„ჰამასი“, რომელიც ხუთშაბათს გამართულ მოლაპარაკებების რაუნდში უშუალოდ არ მონაწილეობდა, ისრაელს წარმოდგენილ წინადადებაში ახალი მოთხოვნების დამატებაში ადანაშაულებს. ადრე წარმოდგენილ წინადადებას, შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, რომელსაც „ჰამასი“ დათანხმდა. იმავვე ბრალდებებს, ახალი მოთხოვნების დამატების სესახებ, თავად ისრაელი, „ჰამასის“ წინააღმდეგ გამოთქვამს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მისი თქმით, შეთანხმების სირთულის გათვალისწინებით, წინ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება და მომლაპარაკებლების ყურადღება ახლა მის განხორციელებაზეა კონცენტრირებული.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშეითედ პრესის“ ინფორმაციით, ანონიმურობის დაცვით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მათ უთხრა, რომ 15 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებები „კონსტრუქციული“ იყო. კატარმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მეორე დღესაც გაგრძელდებოდა.

ომი 7 ოქტომბერს, არაერთი დასავლური ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. ისრაელზე თავდასხმისას, „ჰამასმა“ 1 200 ადამიანი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა. ნოემბერში, ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შედეგას, 100-ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა. მიიჩნევა, რომ ღაზაში, დაახლოებით 110 მძევალი კვლავ რჩება. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მძევალთა მესამედი მოკლულია.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის საპასუხო ომის შედეგად, ამ დრომდე, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენია მებრძოლი და რამდენი მშვიდობიანი მოქლაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომის განმავლობაში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG