ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-ირანს შორის დაძაბულობის გამწვავება ომის გაფართოების და აშშ-ის პირდაპირი ჩართულობის შიშებს აძლიერებს


2023 წლის ოქტომბერში, ღაზაში ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის დაწყებისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოკავშირე გააფრთხილა, თეირანის სხვა პროქსებთან, მათ შორის ლიბანში „ჰეზბოლასთან“ და თვითონ ირანთან კონფლიქტი არ გაფართოებულიყო.

ბევრი შიშობს, რომ ეს მომენტი დადგა.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, გასული 10 დღის განმავლობაში ისრაელმა ლიბანში საჰაერო კამპანია წარმართა და „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ 3600-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. სამშაბათს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში, როგორც თვითონ უწოდა, შეზღუდული სახმელეთო შეტევა დაიწყო.

ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ ასევე პირობა დადო, რომ თეირანს ისრაელის მიმართულებით 180-ზე მეტი რაკეტის გაშვებისთვის სამაგიეროს გადაუხდის. თავდასხმამ ისრაელის ქალაქ ჰოდ ჰაშარონში სკოლა დააზიანა და დასავლეთ ნაპირზე სულ ცოტა ერთი ადამიანი მოკლა.

იმავდროულად, სირიის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ სამშაბათს განხორციელებულმა დარტყმამ, დამასკოში სამი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. ოთხშაბათს სირიის დედაქალაქზე კიდევ მეტი დარტყმების შესახებ ცნობები გავრცელდა.

ბაიდენმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ისრაელს „რჩევას“ აძლევდა და დაჟინებით მოუწოდებდა, მისი საპასუხო ქმედებები პროპორციული ყოფილიყო.

ნეთანიაჰუ დაიმუქრა, რომ საპასუხო ქმედებებს ირანის მიღმაც მიმართავს, ქვეყნებში, სადაც ირანის პროქსი ძალებია განლაგებული.

როდესაც ბაიდენს კითხვა დაუსვეს, მან თქვა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის არანაირ დარტყმას მხარს არ დაუჭერს. ბაიდენმა თქვა რომ ირანის წინააღმდეგ დიდი შვიდეულის მეტი სანქციების დაწესებაა შესაძლებელი.

ვაშინგტონი შიშობს, რომ შემდგომ ესკალაციას ომში შეერთებული შტატების პირდაპირი ჩათრევა შეეძლება, თუ ირანი ისრაელს საპასუხო დარტყმებს მიაყენებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის ამერიკულ ინტერესებს დაარტყამს.

XS
SM
MD
LG