„ჰეზბოლას“ განცხადებით, ოთხშაბათს, მის მებრძოლებსა და ისრაელის ძალებს შორის, ლიბანში სახმელეთო შეტაკება მოხდა.
ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რეგულარული ქვეითი ძალა და ჯავშანტექნიკა, ლიბანში მის სახმელეთო ოპერაციებს უერთდება. ამ განცხადებას, ერთი დღის წინ უსწრებდა ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა, რამაც უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის შესახებ შიში და შეშფოთება კიდევ უფრო გაზარდა.
ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, შეტაკებების დროს მოკლულია ისრაელის დანაყოფების მეთაური. ლიბანის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ლიბანზე ისრაელის დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთი ლიბანელი ჯარისკაცი დაშავდა.
ოთხშაბათსვე, ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმა, რომელიც ისრაელზე მისი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო, დასრულდა. მაგრამ, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ თეირანის თავდასხმას ძლიერად უპასუხებენ.
სამშაბათს, ისრაელმა გაააქტიურა საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანის დაბომბვის წინააღმდეგ და რაკეტების უმეტესი ნაწილი, "ისრაელისა და თავდაცვის კოალიციის მიერ, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს", შეჩერებული იქნა - თქვა ისრაელის კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
ამ ფონზე, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სკოლაში, რომელსაც თავს დევნილი ოჯახები აფარებდნენ.
ისრაელმა ღაზაში ომი გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის პასუხად. „ჰამასმა“ თავდასხმის დროს 1 200 ისრაელელი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო ომის შედეგად, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენი მეომარია და რამდენი - მშვიდობიანი მოქალაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.