"ამ კანონის მიღება, ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებას", - ასე ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას, მაღალი რანგის ამერიკელი სენატორები.
ერთობლივ განცხადებაში, 11 სენატორი, "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონს, რუსული სტილის კანონს უწოდებს, რომელიც "გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ასევე ხელს შეუშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებას."
ამ კანონის მიღება, ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთანსენატორების განცხადება
„ეს შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ, უხოეთის აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონპროექტის მიღების გამო. ეს კენჭისყრა ასობით ათასი ქართველის ნებას ეწინააღმდეგებოდა, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ასევე ხელს შეუშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. ეს კანონი, რომელიც ავალდებულებს ყველა ორგანიზაციას, რომლებიც იღებენ თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, გამოცხადდნენ როგორც უცხოეთის აგენტები, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მუშაობას ქვეყანაში, სადაც სახსრები მწირია. ამ კანონის მიღება, ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებას", - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
სენატორები აცხადებენ, რომ კონგრესი იძულებული იქნება, გადახედოს საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკას იმისთვის, რომ ის საქართველოში არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის შესაბამისი იყოს. ამასთან, განცხადებაში საუბარია, დემოკრატიის შელახვაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებასა და პირდაპირი დახმარების გადახედვაზე.
„როგორც ჩვენ, პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი მიწერილ წერილში გავაფრთხილეთ, ამ კანონის მიღება მოითხოვს კონგრესისგან, განიხილოს საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილება, რათა ასახოს საქართველოში ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი. როგორც ადრე გავაფრთხილეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, სავიზო აკრძალვას და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვას. როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც ღრმად არიან ერთგული ქართველი ხალხის მიმართ და მხარს უჭერენ მყარ ორპარტიულ და ორმხრივ კავშირებს, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერას და მათი ხმების ამაღლებას - რომლის 79% მუდმივად მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბნელი დღეა, ჩვენ კვლავაც გვჯერა ქართველი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრი, სენატორი ჯიმ რიში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, ასევე, სენატორები კრის კუნსი, დიკ დურბინი, როჯერ ვიკერი, ტიმ კეინი, რიჩარდ ბლუმენტალი, პიტ რიკეტსი, ლინდსი გრემი და ტომ ტილისი.
თეთრი სახლის განცხადება
დღესვე, საქართველოს პარლამენტის მიერ, ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონის მიღების შემდეგ, განცხადება გაკეთდა თეთრ სახლში. თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ თუკი ეს კანონპროექტი საბოლოოდ ამოქმედდება, ის "გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან".
„ჩვენ ღიად გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ამ კანონმდებლობის თაობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებისგან, და არ დაგვავიწყდს - ნატოსგანაც", - თქვა კარინ ჟან-პიერმა და განმარტა, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ გამოხატავს თავის მოსაზრებას ამ კანონის წინააღმდეგ და როგორც ჟურნალისტებიც აშუქებენ, ქუჩებში დემონსტრაციები გრძელდება.
"გასულ უქმეებზე, ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი საქართველოს ისტორიაში, ათობით და ასობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტის მონაწილეობით. მათ არ აჩერებთ დაშინების ტაქტიკა და განაგრძობენ მთავრობისთვის იმის თქმას, რომ ეწინააღმდეგებიან ამ კანონს, რადგან სურთ ევრო-ატლანტიკური მომავალი", - განაცხადა ჟან-პიერიმ.
ე.წ. „აგენტების კანონი“ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 30 პარლამენტარი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე დააყენეს.
მთელი დღის განმავლობაში, თბილისში შეხვედრებს მართავდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ო'ბრაიენმა თქვა, რომ თუკი მიღებული კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს.
"თუკი [აგენტების] კანონი არ შეიცვლება ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას აქ და ძალადობა იქნება მშვიდობიან მომიტინგეებზე, მაშინ აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე. მე ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ ეს მინდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება", - განაცხადა ო'ბრაიენმა.