ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მიზანია ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინული პოზიციების გაარღვიოს, ამბობს გენერალი სირსკი


უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს გაარღვიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინული პოზიციები კუპიანსკ ლიმანის რაიონში, სადაც ბრძოლები ბოლო პერიოდში გაძლიერდა.

ბრძოლა „მნიშვნელოვნად გამწვავდა“ ამბობს უკრაინელი გენერალი ვიდეოში რომელიც უკრაინის სახმელეთო ძალებმა გაავრცელა, ვიდეოში ჩანს ალექსნდრე სირსკი, რომელიც ჯარისკაცებს ესაუბრება.

„მტერი ემზადება, სერიოზულად, სერიოზულად ემზადება შეტევითი მოქმედებებისთვის, შემოჰყავთ დამატებითი ძალები“,- ამბობს სირსკი ვიდეოში, რომელიც „ტელეგრამ“ არხზე ვრცელდება. უკრაინელი გენერალი აქვე ამბობს, რომ რუსეთის მიზანია უკრაინული ჯარების „თავდაცვის გარღვევა და ჩვენი ტერიტორიების ხელახალი დაკავება“.

კუპიანსკი, უკრაინა
კუპიანსკი, უკრაინა

გენერალი სირსკი საუბრობს იმ ტერიტორიებზე, რომელიც უკრაინამ რუსული ოკუპაციისგან გასულ წელს გაათავისუფლა. რუსული ძალები უკრაინელმა მებრძოლებმა კუპიანსკიდან და ლიმანიდან განდევნეს და მას შემდეგ ამ ქალაქებზე კონტროლს ინარჩუნებდნენ. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს გასულ წელს უკრაინელთა დიდი მიღწევა იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ რეგიონში ინტენსიური სამხედრო აქტივობა მიმდინარეობს. კრემლი ამბობს, რომ რუსულმა ჯარებმა 10 უკრაინული თავდასხმა მოიგერიეს კუპიანსკში და ორი ლიმანში.

ლიმანი, უკრაინა
ლიმანი, უკრაინა

უკრაინის აღმოსავლეთის ძალების სპიკერი ამბობს, რომ რუსულ ძალებს კუპიანსკში უკან დახევა მოუწიათ, რადგან მათ უკრაინელმა სამხედროებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

„ჩვენი სიმაგრეები საკმაოდ საიმედოა. ჩვენ გვაქვს ძლიერი პოზიციები“, - ამბობს ილია იევლაშევი უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრის დროს და განმარტავს, რომ რუსულმა ჯარმა უკან გადაჯგუფებისთვის დაიხია.

უკრაინამ ივნისში კონტრშეტევა დაიწყო. კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინამ შეძლო გარკვეული ტერიტორიების გათავისუფლება ოკუპაციისგან, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ უკრაინელთა იერიში ნელა მიმდინარეობს.

სიმშვიდე ადიივკაში

აქცენტი აღმოსავლეთის ფრონტზე გასულ კვირაში, ბახმუტიდან ადიივკაში გადავიდა. ადგილობრივი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ახლა ქალაქში მშვიდობაა, თუმცა ადიივკაზე მძიმე შეტავაა მოსალოდნელი.

„დაბომბვა შემცირდა, დღეს ნაკლები იყო“, -ამბობს ადიივკას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში უკრაინულ ტელევიზიებთან საუბარში. მან თქვა, რომ რუსეთის ბოლო იერიშებს უკრაინის ორი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ადიივკა, უკრაინა
ადიივკა, უკრაინა

ადიივკა, ბახმუტის მსგავსად ძირითადად განადგურებულია. ქალაქი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ის მდებარეობს დონეცკიდან დაახლოებით 20 კილომეტრში.

უკრაინის გენერალური შტაბის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სხვა ქალაქებშიც. უკრაინელმა სამხედროებმა 16 დიდი დარტყმა მოიგერიეს ქალაქ მარიინკას მახლობლად, რომელიც ასევე დონეცკის დასავლეთით მდებარეობს და 3 შეტევა შეაჩერეს ბახმუტის მიმდებარედ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG