ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოში ჩავარდა


რუსეთი ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელ-"ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცოს. თუმცა პარასკევს წარდგენილმა რეზოლუციამ ორშაბათს საამისოდ საკმარისი ხმები ვერ მოპიპოვა. ბრაზილიის მიერ შეთავაზებულ მსგავს რეზოლუციაზე კენჭისყრა კი სამშაბათამდე გადაიდო.

რუსეთის რეზოლუციის პროექტს მხარი ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა, ოთხმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ექვსმა კი თავი შეიკავა. რეზოლუციას სულ მცირე 9 ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება საიმისოდ, რომ გავიდეს. ამასთან, მუდმივი წევრებიდან მას არც ერთმა არ უნდა დაადოს ვეტო. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და ბრიტანეთი.

"დღეს მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული ელოდება იმას, რომ უშიშროების საბჭომ გადადგას სისხლლისღვრის დასასრულებლად ნაბიჯები, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების დელეგაციები აყოვნებენ ამ მოლოდინებს", - თქვა რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ კენჭისყრის შემდეგ.

რუსეთმა პარასკევს ერთგვერდიანი რეზოლუციის ტექსტი წარადგინა, რომელიც მოუწოდებს ტყვეების გათავისუფლებისკენ, ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის უზრუნველყოფისა და მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციისკენ. ტექსტში დაგმობილია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და ტერორიზმის ყველა გამოვლინება, თუმცა არაა ნახსენები "ჰამასი", რომლის მებრძოლებმაც ისრაელში 7 ოქტომბერს 1 300--ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

ამერიკის ელჩმა გაეროში ლინდა თომას გრინფილდმა თქვა, რომ "ჰამასის" არ დაგმობით რუსეთი ტერორისტულ დაჯგუფებას აძლევს ერთგვარ საფარველს იმისთვის, რომ მან განაგრძოს უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ სისასტიკე.

"ესაა ორმაგი სტანდარტი, ამ (პოზიციის) დაცვა შეუძლებელია, ეს განმარისხებელია", - თქვა თომას-გრინფილდმა. მისი განმარტებით, ამერიკა, რომელის ისრაელის ისტორიული მოკავშირეა, ეთანხმება იმ აზრს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ "ჩვენ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ და ამისთვის საბჭოს ყველა წევრთან ინტენსიურად ვიმუშავებთ", - დასძინა დიპლომატმა.

XS
SM
MD
LG