ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელში ჩავა


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელში ჩავა. "ჰამასის" წინააღმდეგ ომის ფონზე, ეს უმაღლესი რანგის ვიზიტია მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა თქვა, რომ პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დათანხმდა.

ისრაელმა პირობა დადო, რომ დაჯგუფება "ჰამასს" გაანადგურებს. დაჯგუფების წევრებმა გასულ კვირას ისრაელში 1 300-მდე ადამიანი მოკლეს და 200 ტყვედ აიყვანეს. 7 ოქტომბერი ბოლო 75 წლის განმავლობაში ისრაელისთვის ყველაზე მსხვერპლიანი დღე იყო.

ისრაელმა ღაზის სექტორის საჰაერო დაბომბვა დაიწყო. შედეგად ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, 2 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და მათი მეოთხედი - ბავშვია. 2.3 მილიონი მოსახლიდან თითქმის ნახევარმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. ისრაელმა ანკლავი ალყაში მოაქცია და შეზღუდა მისთვის საკვების, საწვავის და სამედიცინო მასალების მიწოდება.

ერთადერთი გამშვები პუნქტი, რომელსაც ისრაელი არ აკონტროლებს რაფაჰია, ეგვიპტიე საზღვარზე. ბოლო დღეების გაანმავლობაში იქ ღაზაში შესასვლელად გამზადებული სატვირთო მანქანები გროვდება, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებითაა დატვირთული. თუმცა ზუსტად არავინ იცის, შეძლებენ თუ არა, ან როდის შეძლებენ ისინი სექტორში შესვლას.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელში პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი ისრაელის პრენიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ დააანონსა. მისი თქმით, ნეთანიაჰუ ღაზის მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეოებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დათანხმდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ პრეზიდენტი პირადად მოისმენს იმას, თუ "რა სჭირდება ისრაელს იმისთვის, რომ საკუთარი ხალხი დაიცვას". მისი თქმით, მხარეები ასევე ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ უნდა განახორციელოს ისრაელმა თავისი ოპერაციები ისე, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც უზრუნველყოს ისე, რომ ამით "ჰამასმა" ვერ ისარგებლოს.

ისრაელში ამბობენ, რომ ღაზაში დაჯგუფების წევრებმა 200-მდე ისრაელელი გაიტაცეს. "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ფრანგი-ისრაელელი ტყვე მსოფლიო ლიდერებს მისი და სხვა მძევლების დახმარებისკენ მოუწოდებს. ისრაელი ამ ვიდეოს მისი მოქალაქეების წინააღმდეგ "ფსიქოლოგიურ ტერორად" მიიჩნევს.

ვაშინგტონი ასევე ცდილობს, რომ არაბულ სახელმწიფოებს ესაუბროს და რეგიონში უფრო ფართო ომი არ დაუშვას, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ირანმა პირობა დადო, რომ "პრევენციულ ნაბიჯებს" გადადგამს მისი მოკავშირეების "წინააღმდეგობის ფრონტზე". ეს კი ლიბანში მოქმედ დაჯგუფება "ჰეზბოლასაც" გულისხმობს.

ისრაელში ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი სავარაუდოდ იორდანიასა და ეგვიპტეში ჩავა და იქ მეფე აბდულას და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფატა ალ-სისის შეხვდება. ბაიდენი აპირებს პალესტინელთა ლიდერ მაჰმუდ აბასთან შეხვედრასაც, რომელსაც შეზღუდული ძალაუფლება აქვს დასავლეთ სანაპიროში, თუმცა ღაზაზე კონტროლი 2007 წლიდან პრაქტიკულად დაკარგა.

პალესტინელთა ხელისუფლების წარმომადგენლები ისრაელს გენოციდში და ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ განურჩევლად იბომბება სამედიცინო ცენტრები, საავადმყოფოები, მიზანში იღებენ ჟურნალისტებსა და სკოლებს.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობენ ნანგრევებიდან დაშავებულთა და დაღუპულთა ამოყვანას. გაეროს სააგენტო, რომელიც პალესტინელ ლტოლვილთა დასახმარებლად მუშაობს, ამბობს, რომ ღაზის მცხოვრებთა მხოლოდ 14 %-ს მიუწვდება ხელი სასმელ წყალზე. ისიც ხან იოუნის ერთადერთი მილსადენიდან, რომელიც ისრაელმა ორშაბათს მხოლოდ სამი საათით გახსნა. გაეროში ამბობენ, რომ სასმელი წყლისა და სანიტარული საშუალებების დეფიციტის, ასევე საკანალიზაციო და გაწმენდითი სისტემების მწყობრიდან გამოსვლის თუ საწვავის ნაკლებობის გამო დიდია რისკი იმის, რომ სხვადასხვა დააავადება გავრცელდეს.

XS
SM
MD
LG