ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს


Belgium Shooting
Belgium Shooting

იტალიელმა სამართალდამცავებმა სამშაბათ დილით ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს. შედეგად ეგვიპტის მოქალაქე და ეგვიპტური წარმოშობის იტალიის მოქალაქე დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, ოპერაციის კოორდინირებას მილანის პროკურატურა ხელმძღვანელობდა. ორ ეჭვმიტანილს ბრალად ტერორისტული ქმედებების ინიცირება და წახალისება ედებათ ბრალად. მათ ასევე ადანაშაულებენ ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში.

ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი ეს ორი პირი აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას, ონლაინ ცდილობდა პოტენციური მოკავშირეების გადაბირებას და "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერ ინიციატივებსაც აფინანსებდა, ამბობს პროკურატურა.

"ამ დილით ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დავაკავეთ", - დაადასტურა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ტერორიზმის საფრთხეზე რეაგირების დონე აწეულია და სამართალდამცავები შესაძლო რისკების თავიდან აცილებაზე მუშაობენ.

იტალიის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია ქვეყნის ტერიტორიაზე რაიმე კონკრეტული ტერორისტული აქტივობის ან თავდასხმის საფრთხის შესახებ.

ორშაბათს ბრიუსელის ცენტრში მამაკაცმა, რომელმაც ონლაინ გავრცელებულ ვიდეოში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და თქვა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრია, შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა და ერთი დაჭრა. ევროპის დედაქალაქებში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.

XS
SM
MD
LG