ქარიშხალი "იდალია" ამერიკის ტერიტორიაზე რჩება და უკვე მესამე შტატს უტევს. ფლორიდისა და ჯორჯიის შტატების შემდეგ „იდალიას“ ძლიერი ტალღა სამხრეთ კაროლინას შტატს უახლოვდება. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან შტატის, ადგილობრივი ხელისუფლების, მითითებები და სიფრთხილით მოეკიდონ არსებულ ვითარებას.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს საღამოს განცხადება გააკეთა და ქარიშხლის შესახებ თეთრი სახლიდან ისაუბრა. პრეზიდენტმა თქვა, რომ „ქარიშხალი ჯერ კიდევ ძალიან საშიშია“. მისივე თქმით ის უკვე ესაუბრა, სამივე შტატის გუბერნატორებს და გამოთქვა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში შტატებს ფედერალური დახმარება აღმოუჩინოს.
ბაიდენმა მოუწოდა „ფემას“ აქტიურად ჩართოს ზარალის დათვლის პროცესში და დაზარალებულ შტატებს დახმარება აღმოუჩინოს.
„პრეზიდენტი უფლებას აძლევს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს (ფემას) აქტიურად ჩაერთოს კატასტროფებზე რეაგირების პროცესში და დახმარება აღმოუჩინოს მოსახლეობას და მიაწოდოს მათ შესაბამისი დახმარება“, -წერია განცხადებაში რომელიც მოგვიანებით თეთრმა სახლმა გაავრცელა.
ფლორიდის შტატი ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზიანა, ადგილობრივები ამბობენ, რომ გარკვეული ტერიტორიები ისე დაზარალდა, რომ ძველებურ სახეს ვეღარ დაუბრუნდება. დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები და ბიზნესები. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ქარიშხალი იდალია ამერიკის ტერიტორიაზე მომდევნო 24 საათის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი კვლავ ოკეანეში დაბრუნდება.
Facebook Forum