ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: პრიგოჟინის თვითმფრინავი შესაძლოა სპეციალურად ჩამოაგდეს


მოსკოვმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ გამომძიებლები არ გამორიცხავენ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის განზრახ ჩამოაგდების შესაძლებლობას. კრემლმა პირველად თქვა ღიად, რომ შესაძლოა, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაური მოკლული იყოს.

"აშკარაა, რომ განიხილება სხვადასხვა ვერსია, მათ შორის ის ვერსია - იცით, რაზეც ვსაუბრობთ - ვთქვათ, მიზანმიმართული სისასტიკე", - უთხრა ჟურნალისტებს გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

კითხვაზე, გამოიძიებს თუ არა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავიაკატასტროფას, პესკოვმა თქვა, რომ ადგილზე განსხვავებული გარემოებებია. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, ამ ეტაპზე სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ, რადგან თვითმფრინავზე მომხდართან დაკავშირებით, გამომძიებლებს ოფიციალური დასკვნები ჯერ არ გაუკეთებიათ. „მოდით, დაველოდოთ ჩვენი, რუსეთის გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა პესკოვმა.

”პირველ რიგში, გამოძიება მიმდინარეობს, მასში საგამოძიებო კომიტეტია ჩართული", - თქვა მან და დააზუსტა: „ამ შემთხვევაში არ შეიძლება საუბარი რაიმე საერთაშორისო ასპექტზე“.

აფეთქებული თვითმფრინავი (EMBR3.SA) ბრაზილიური წარმოებისაა. რუსეთმა შეატყობინა ბრაზილიის ავიაციის საგამოძიებო ორგანოს, რომ "ამჟამად" მისი ჩამოვარდნის ფაქტს საერთაშორისო წესების მიხედვით არ გამოიძიებს. ეს ინფორმაცია ბრაზილიის წარმომადგენელმა სააგენტო "როიტერსაც" დაუდასტურა.

კერძო თვითმფრინავი, რომლითაც პრიგოჟინი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, 23 აგვისტოს რუსეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, დაჯგუფება "ვაგნერის" ორი მეთაური, პრიგოჟინის დაცვის - ოთხი, და ეკიპაჟის სამი წევრი.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მაგრამ, შემთხვევის ადგილთან მდებარე სოფლის მცხოვრებლებმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უთხრეს, რომ მათ ჯერ აფეთქება გაიგეს და შემდეგ დაინახეს, თუ როგორ ვარდებოდა თვითმფრინავი მიწაზე.

თვითმფრინავი რუსეთის სამხრეთში განვითარებული მოვლენებიდან ზუსტად ორ თვეში ჩამოვარდა. ივნისის ბოლოს, ხანმოკლე ანტისამთავრობო ამბოხის დროს, პრიგოჟინმა თავის შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად, კონტროლი აიღო რუსეთის ქალაქ როსტოვზე, თუმცა შემდეგ დედაქალაქ მოსკოვისკენ სვლა შეწყვიტა.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის სამხედრო მეთაურების წინააღმდეგ დაწყებულმა პრიგოჟინის აჯანყებამ, მნიშვნელოვნად შეარყია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება და ავტორიტეტი.

ავიაკატასტროფის მეორე დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და თქვა, რომ პრიგოჟინს დიდი ხანია იცნობს, 1990-იანი წლების დასაწყისის ქაოტური წლებიდან. "ის მძიმე ხვედრის ადამიანი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები დაუშვა", - თქვა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა სამძიმრის წერილში პრიგოჟინი ნიჭიერ ბიზნესმენად მოიხსენია.

კრემლმა "აბსოლუტური სიცრუე" უწოდა დასავლელი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ვარაუდს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, პუტინმა პრიგოჟინი შურისძიების მიზნით მოაკვლევინა. პრეზიდენტმა პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, "ვაგნერელებს" უბრძანა, ხელი მოაწერონ რუსეთის სახელმწიფოსადმი ერთგულების ფიცს. პრიგოჟინი თავის დროზე ამის წინააღმდეგი იყო და უკრაინაში მიმდინარე ომის "არასწორად მართვის" გამო გამუდმებით აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლიდერებსა და შეიარაღებული ძალების მეთაურებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG