დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "ვაგნერის" ჯგუფის ლიდერის ბორტზე ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, პრიგოჟინი დაიღუპა, მაგრამ მისი სიკვდილის უტყუარი დასტური არ არის წარმოდგენილი.
რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იმყოფებოდა, რომელიც ოთხშაბათს, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი არც ერთი პირი კი ცოცხალი არ გადარჩა.
რუსეთში მომხდარის შესახებ გამოძიება დაიწყო, თუმცა ოფიციალურად 10 ცხედრის ვინაობა ჯერ არ დადასტურებულა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერი", წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსმა გამომძიებლებმა, ოჯახის წევრებს პილოტის გარდაცვალება დაუდასტურეს.
"ჯერ არ არის დადაასტურებული პასუხი იმის შესახებ, იყო თუ არა პრიგოჟინი ბორტზე. ცნობილია, რომ ის უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებდა. ამასთან, ასევე დიდი ალბათობით, ის მართლაც მკვდარია", - ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის განახლებულ ცნობებში, რომელიც "ტვიტერზე", იგივე "X" პლატფორმაზე გამოქვეყნდა.
კომენტარი ამ თემაზე გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმაც. მისი თქმით, პრიგოჟინი "დიდი ალბათობით" თვითმფრინავში იყო. "ჩვენ, ცხადია, სიტუაციას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად იმის დასადგენად, თუ რა მოხდა", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, პრიგოჟინის სიკვდილს "თითქმის გარდაუვლად ექნება "ვაგნერის" ჯგუფზე დესტაბილიზაციის გამომწვევი ეფექტი". ამას სამინისტრო, ერთი მხრივ, პრიგოჟინის პიროვნულ მახასიათებლებზე, მისი სისასტიკისა და შემტევობის გათვალისწინებით, მეორე მხრივ კი იმის გამო ამბობს, რომ "ვაგნერის" ჯგუფის სამეთაურო წრეში დიდი ვაკუუმი გაჩნდება. პრიგოჟინთან ერთად, თვითმფრინავის ბორტზე სავარაუდოდ იმყოფებოდნენ "ვაგნერის" საველე მეთაური დმიტრი უტკინი და ლოგისტიკის მეთაური ვალერი ჩეკალოვი.