ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია: ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპა


ევგენი პრიგოჟინი, 21 აგვისტო, 2023
ევგენი პრიგოჟინი, 21 აგვისტო, 2023

თვითმფრინავი, რომლითაც დაქირავებული მებრძოლების შეიარაღებული დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. კატასტროფის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“ ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით, „რია“ აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად, თვითმფრინავში მყოფი 10-ვე ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა.რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მგზავრების სიაში იყო მამაკაცი, რომლის გვარიც პრიგოჟინია. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ოფიციალურ წყაროებს არ გაუვრცელებიათ და არც სხვა წყაროებით დასტურდება, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა პრიგოჟინი ამ თვითმფრინში.

ევგენი პრიგოჟინი რომ მგზავრთა სიაში იყო რუსეთის ავიაციის სააგენტომ მალევე დაადასტურა, თუმცა არ არსებობს დადასტურებული ცნობები იმის შესახებ, ის ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ არსებობდა კიდევ მეორე თვითმფრინავი, რომელიც მოგვიანებით მოსკოვთან დაეშვა და პრიგოჟინი შესაძლოა იმ თვითმფრინავში ყოფილიყო.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ თვიმთფრინავის კატასტროფაზე გამოძიება უკვე დაიწყო.

დაუდასტურებელი ცნობებით, ბორტზე იმყოფებოდა დმიტრი უტკინიც, პრიგოჟინის მარჯვენა ხელი, ვის სახელსაც ასევე უკავშირდება „ვაგნერის“ შექმნა. არსებობს ინფორმაცია იმაზეც, თითქოს პრიგოჟინი, უტკინი და მათი უახლოესი მოკავშირეები თავდაცვვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ.

ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერმა ადრიენ უოტსონმა თქვა, რომ „თუკი ეს ცნობები დადასტურდება, ეს არავის უნდა გაუკვირდეს“. თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტების ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენსაც ჰკითხეს და მანაც თქვა, რომ მას "ეს არ გაუკვირდებოდა". კითხვაზე კი, როგორ ფიქრობს, დგას თუ არა ვლადიმირ პუტინი ამ კატასტროფის უკან, ბაიდენმა თქვა:

"რუსეთში ბევრი არაფერი ხდება ისეთი, რის უკანაც ვლადიმირ პუტინი არ დგას. მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია საიმისოდ, რომ პასუხი გაგცეთ. ბოლო საათნახევრის განმავლობაში ვვარჯიშობდი", - თქვა ბაიდენმა.

გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასიც. „თუკი ეს სიმართლეა, ეს აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინი გაანადგურებს ყველა ოპონენტს და ეს შეაშინებს ყველას, ვინც კი მისგან განსხვავებულ აზრს გამოხატავვს“, - ამბობს კალასი "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ კი სახელმწიფო მედიისთვის მიცემულ კომენტარში თქვა: „ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად მაინც დაუშვებს, რომ ეს დამთხვევაა. როგორც ხდება ხოლმე, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ის მისი ძალაუფლებისთვის სააფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივი სიკვდილით არ იხოცებიან“, - თქვა რაუმ.

"ტელეგრამის" ჯგუფი "რუხი ზონა", რომელიც "ვაგნერის" ჯგუფთანაა დაკავშირებული, წერს, რომ ევგენი პრიგოჟინი მკვდარია:

"ვაგნერის" ჯგუფის მეთაური, რუსეთის გმირი, თავისი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი - ევგენი ვიქტორის ძე პრიგოჟინი რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად დაიღუპა", - წერია ჯგუფში. "მაგრამ ჯოჯოხეთშიც კი, ის საუკეთესო იქნება! დიდება რუსეთს!" - ვკითხულობთ ჯგუფის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG