ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში შექმნილ ვითარებაში ნავალნი კორუმპირებულ ელიტას ადანაშაულებს


ალექსეი ნავალნი, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი
ალექსეი ნავალნი, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი

დღეს, 11 აგვისტოს გავრცელებულ წერილში, რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსული ელიტა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო. მან არ დამალა სიძულვილი მათ მიმართ, ვინც მისი თქმით, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაფლანგა რუსეთის რეფორმირების ისტორიული შესაძლებლობა.

ნავალნიმ 2 000-სიტყვიანი წერილით უპასუხა გასულ კვირაში, დამატებით 19-წლიანი პატიმრობის მისჯას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერი ციხეში დაახლოებით 47 წელი დარჩება, ვიდრე მას 74 წელი შეუსრულდება.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა წერილში აღიარა იმ ადამიანთა მიმართ სიძულვილი, ვინც პოსტსაბჭოთა ისტორიაში რეფორმატორის სახელითაა შესული. ნავალნიმ მკაცრად გააკრიტიკა 1990-იანი წლების ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურების მემკვიდრეობა. საუბარია რეფორმატორებად მიჩნეულ ლიდერებზე, რომლებიც რუსეთში კაპიტალიზმს უყრიდნენ საფუძველს და ოლიგარქებზე, რომელთაც უზარმაზარი სიმდიდრე ჩაიგდეს ხელში.

„თავს ვერ ვიკავებ, რომ სასტიკად, სასტიკად არ მძულდეს ისინი, ვინც გაყიდა, წყალში გადაყარა და გაფლანგა ისტორიული შანსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში“, - თქვა წერილში ნავალნიმ. მისი თქმით, რუსეთის ელიტამ გაყიდა ქვეყნის ევროპული მომავალი, წყალს გაატანა რუსეთის სიკეთეები, ჩაატარა ყალბი არჩევნები და სამშობლო კორუმპირებული დესპოტიზმის მახეში გააბა.

ნავალნიმ განსაკუთრებით გამოყო პოსტსაბჭოთა რუსეთის ლიდერი ბორის ელცინი და ეკონომიკური რეფორმის არქიტექტორი ანატოლი ჩუბაისი. მან რუსეთის ყოფილი ლიდერები მოიხსენია "კომკავშირის პარტიულ ბანდად, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატად თვლიდა".

ელცინი 2007 წელს გარდაიცვალა. ის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რუსეთის ყველაზე გავლენიანი ლიდერი იყო. ელცინმა, ისევე როგორც რამდენიმე მაშინდელმა ოლიგარქმა, აღიარა დაშვებული შეცდომები. თუმცა, მათ ისიც თქვეს, რომ საქმე ქაოტურ სიტუაციასთან ჰქონდათ, რომელიც საჭიროებდა რადიკალურ და ზოგჯერ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG