ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი დნიპროში ჩავიდა


ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, ჯარების მომარაგებისა და საჰაერო თავდაცის გაძლიერების გზების თაობაზე მსჯელობისთვის, პრეზიდენტი ზელენსკი, ხუთშაბათს, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, დნიპროს ეწვია.

“ჩვენ დავიწყეთ სამუშაო დღე დნიპროში” - დაწერა ზელენსკიმ “ტელეგრამზე”, ვიდეოკადრების აღწერაში. გავრცელებულ ვიდეომასალაში, პრეზიდენტი სამხედრო მეთაურებთან და მთავრობის წარმომადგებლებთან შეხვედრას უძღვება.

“როგორც ყოველთვის, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ჯარებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას. არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების ეფექტურობას და პარტნიორების მიერ დახმარების გათვალისწინებით, ცის ფარის გაძლიერებას” - თქვა ზელენსკიმ.

ქალაქი დნიპრო, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. არც თუ ისე შორს არის ფრონტის ხაზიდან, რომელიც ხერსონიდან სამხრეთით, დონბასის რეგიონის გავლით და უფრო ჩრდილოეთით, ხარკივის რეგიონამდეა გადაჭიმული.

ქალაქის ომამდელი მოსახლეობა, დაახლოებით, 1 მილიონი იყო. 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, დნიპრო უკრაინის ლოგისტიკურ და ჰუმანიტარულ ცენტრად იქცა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ იმსჯელა ჯარში გაწვევის ოფისების ქვეყნის მასშტაბით შემოწმების შესახებ. შემოწმებას წინ უსწრებდა საჩივრები კორუფციისა და მობილიზაციის პროცესის შესახებ.

“ყოვლისმომცველი შემოწმება დასასრულს უახლოვდება. თერთმეტი რეგიონი სპეციალური კონტროლის ქვეშაა” - თქვა ზელენსკიმ.

დღესვე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა, ოდესაში, საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა დაცვის ერთი თანამშორმელი და დაზიანდა სატვირთო ტერმინალი.

XS
SM
MD
LG