ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ცნობილ ბიზნესმენს ღალატის ბრალდებით 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ილია საჩკოვი
ილია საჩკოვი

ოთხშაბათს რუსულმა სასამართლომ კიბერუსაფრთხოების საკითხებში ჩართული ბიზნესმენი, ღალატისთვის გაასამართლა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ეყრდნობოდა ბრალდებებს, რომ მან უცხოელ ჯაშუშებს საიდუმლო ინფორმაცია გადასცა.

ილია საჩკოვი დანაშაულს უარყოფს, მან სასამართლო დარბაზში მშვიდად მოისმინა განაჩენი. საჩკოვმა, რომელიც მონაწილეობდა Group-IB-ის - რუსეთის კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფირმის - შექმნაში, წელს განაცხადა, რომ გაწყვიტა კავშირი თავის თავდაპირველ ბაზართან.

37 წლის საჩკოვი, რომელიც აღარ არის დაკავშირებული Group-IB-თან, მაგრამ წილს ფლობს მის ყოფილ რუსულ ბიზნესში, 2021 წლის სექტემბერში რუსეთის ღალატის ბრალდებით დააკავეს. საჩკოვის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.

"ჩვენ არ დავთმობთ. ჩვენ გვჯერა... ილიას უდანაშაულობის და გავასაჩივრებთ განაჩენს შემდგომ ინსტანციებში“, - განაცხადა ადვოკატმა სერგეი აფანასიევმა.

მაშინ როცა საჩკოვი დააკავეს, Group-IB ორიენტირებული იყო მაღალტექნოლოგიური დანაშაულებისა და ონლაინ თაღლითობის გამოძიებაზე, როგორც რუსეთში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.

საჩკოვმა ოფიციალური პირების გაღიზიანება დაჭერამდე ერთი წლით ადრე გამოიწვია. ეს მოხდა ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი ესწრებოდა და ტელევიზიით გადაიცემოდა. იქ სიტყვით გამოსვლისას საჩკოვმა დაადანაშაულა ხელისუფლება, რომ ცნობილ რუს კრიმინალ ჰაკერს დაუბრკოლებლად აძლევდა მუშაობის უფლებას; გააკრიტიკა იმ პირის დანიშვნა, რომელიც მისი თქმით, ყოფილი ჯაშუში იყო მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე ზედამხედველობის ორგანოში და ასევე დაადანაშაულა პუტინის კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი "ტოქსიკურ" განცხადებებში.

დაკავებამდე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბიზნესმენ საჩკოვს პუტინი კრემლში 2019 წელს ახალგაზრდა მეწარმეების პრიზის მოპოვების შემდეგ შეხვდა.

საჩკოვი ერთ-ერთი უკანასკნელია მეცნიერებს, ჯარისკაცებს, ოფიციალური პირებს და ყოფილი ჟურნალისტებს შორის, რომლებსაც ბოლო წლებში რუსეთში ღალატში დასდეს ბრალი.

XS
SM
MD
LG