ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთკვირიანი რთული ბრძოლების შემდეგ, უკრაინა პროგრესზე საუბრობს


3 ივლისს, კიევმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც აღმოსავლეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით, დამატებითი ტერიტორიები დაიბრუნეს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას "რთული" კვირის შემდეგ, რუსეთის ძალების წინააღმდეგ მიმდინარე კონტრიერიშში პროგრესი აქვს.

უკრაინის ცნობით, გასულ კვირაში 37.4 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია დაიბრუნეს. აქედან 9 კვადრატული კილომეტრი აღმოსავლეთის ფრონტზე, დანარჩენი კი - სამხრეთის.

განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა აღმოსავლეთ ფრონტზე ბახმუტის მიმართულებით დაწინაურდა. რუსები კი იქ ლიმანზე, ავდიივკაზე და მარიინკაზე აგრძელებენ შეტევებს. მალიარის თქმით, კონტრიერიშის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ჯამში 158.4 კვადრატული კილომეტრის დაბრუნება შეძლო.

"ფრონტის ხაზზე გასული კვირა რთული იყო, მაგრამ ჩვენ პროგრესს ვაღწევთ", ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე". უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინის გამარჯვებაზე ზრუნავს: "წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას იცავს, ვინც ამ ომს უკრაინის გამარჯვებისკენ მიუძღვის".

პარალელურად, რუსეთი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა უკრაინის იერიშების მოგერიება რამდენიმე სოფელთან შეძლო, რომლებიც ბახმუტის მახლობლად მდებარეობს. მათ შორის, მოსკოვი ასახელებს სოფელ ვუჰლედარს. რუსეთი ასევე იუწყება, რომ უკრაინის ძალების შეკავების საქმეში, გარკვეულ წარმატებას მიაღწია ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ამბოხს, არ ჰქონია გავლენა უკრაინაში ომის მსვლელობაზე. შოიგუმ რუსეთის 16-თვიანი სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენია. "პროვოკაციას არ ჰქონდა გავლენა არმიის ქვედანაყოფებზე", რომლებიც მასში იყვნენ ჩართული, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამ ეტაპზე დამოუკიდებელი წყაროებით ფრონტის ხაზებზე შექმნილი ვითარების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია.

პრიგოჟინის ამბოხის გავლენა რუსეთზე და რეგიონზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:20:23 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG