შვედეთი ნატოს უფლებას მისცემს, განათავსოს ჯარები თავის ტერიტორიაზე მანამ, სანამ ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება და პროცესი ოფიციალურად დასრულდება. განცხადება ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრებმა გააკეთეს.
„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა დაიწყონ მზადება ნატოსა და ნატოს ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყონ მომავალი ერთობლივი ოპერაციები“, - წერია პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის და თავდაცვის მინისტრ პალ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც შვედური მედია ავრცელებს.
მათი თქმით, „სამზადისი შეიძლება მოიცავდეს შვედეთის ტერიტორიაზე უცხოური აღჭურვილობისა და პერსონალის დროებით განთავსებას. გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს და აძლიერებს შვედეთის თავდაცვას“.
შვედეთმა ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ წარადგინა, თუმცა თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ამ დრომდე შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი შეფერხებულია. ალიანსის წევრებში არსებობს მოლოდინი, რომ შვედეთი ივლისში, ვილნიუსის ნატოს სამიტზე ალიანსის წევრი გახდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრების თქმით, რუსეთი ახლო მომავალში მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხედ დარჩება. უცნობია, რა მასშტაბისაა და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ტერიტორიული ამბიციები.
ფინეთი, რომელსაც ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთთან, ნატოს აპრილში შეუერთდა. შვედეთმა და ფინეთმა ჩრდილო-ატლანტიკურ თავდაცვით ალიანსში გაწევრიანების განაცხადი ერთდროულად შეიტანეს.
Facebook Forum