მოსკოვზე მიტანილი საჰაერო იერიშების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი კიევს ტერორიზმში ადანაშაულებს. ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიზანი რუსეთის პროვოცირება და რუსეთის მოქალაქეების დაშინებაა.
„ეს აშკარად ტერორისტული საქმიანობის ნიშანია,“- თქვა პუტინმა 30 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას და განაცხადა, რომ მოსკოვის ირგვლივ საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება. ეს მაშინ, როცა 29 მაისს პუტინმა ბელგოროდში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოსცა ბრძანება საზღვრებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
კრემლის მტკიცებით მოსკოვზე თავდასხმის უკან კიევი დგას. დედაქალაქში სადაც 21 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ოფიციალური ინფორმაციით 8 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს. მოსკოვი ირწმუნება, რომ ყველა მათგანი გაანადგურებულია.
კიევი პუტინის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მოსკოვზე იერიშებთან კავშირი არ აქვთ. „რა თქმა უნდა მოხარული ვართ იმით რასაც ვხედავთ, ვფიქრობთ, რომ თავდასხმები გაიზრდება. მაგრამ, ჩვენ ამასთან უშუალო კავშირი არ გვაქვს,“- ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
არაპროვოცირებული, რუსეთის ომი უკრაინაში უკვე 15 თვეა მიმდინარეობს. რუსეთს იერიშები მიაქვს სხვადასხვა უკრაინულ ქალაქზე მათ შორის დედაქალაქზე. მხოლოდ მაისის თვეში რუსეთმა კიევზე 17-ჯერ მიიტანა საჰერო იერიში. კიევის ცას ამერიკული პატრიოტები იცავს, რომლითაც რუსული რაკეტების ჩამოგდება დროულად ხდება.
რუსეთის აგრესიის მოგიერიებისთვის, უკრაინას ომის 15 თვის განმავლობაში დასავლური შეიარაღებით შეერთებული შტატები და პარტნიორი სახელმწიფოები ამარაგებენ, ამ პროცესს მუდმივად თან სდევდა მოსკოვის შეფასება, რომ უკრაინის შეიარაღება საფრთხეებს შეიცავდა. კრემლი უკვე თვეებია ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმების უკან კიევი დგას. ვაშინგტონში მკაფიოდ ამბობენ, რომ იარაღი რომელიც უკრაინას გადაეცა, არ არის გათვლილი რუსეთის ტერიტორიებზე იერიშებისთვის.
უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვში იერიშების ეს პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ფაქტი მაისის დასაწყისშიც დაფიქსირდა, როცა კრემლის თავზე ორი დრონი აფეთქდა. მაშინ სენატის შენობის სახურავი დაზიანდა. უკრაინამ მომხდართან კავშირი მაშინაც უარყო. თუმცა გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ კრემლზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კიევს ეკისრება.
მანამდე იყო აფეთქება ქერჩის ხიდზე, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევს არც მაშინ აუღია. კიევი პასუხისმგებლობას არ იღებს ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზეც, სადაც რუსეთის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული ორი ლეგიონი, მათი თქმით პუტინის წინააღმდეგ იბრძვის.
რუსი კანონმდებლების ნაწილი ფიქრობს, რომ მოსკოვზე თავდასხმები მომავალშიც გახშირდება სწორედ ამიტომ მათ ნაწილს მიაჩნია, რომ უსაფრთხოების სააგენტოებს უფრო მეტი უფლებამოსილება მიენიჭოს.
„უკრაინის დივერსიები და ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ გაიზრდება,“- ამბობს ალექსანდრ ხინშტეინი პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრი და აქვე განმარტავს, რომ „აუცილებელია თავდაცვისა და უსაფრთხოების ზომების რადიკალური გაძლიერება, განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ“.
ბოლო თავდასხმა მოსკოვზე 30 მაისს გამთენიისას მოხდა. მოსკოველთა ნაწილი ამბობს, რომ მათ აფეთქებების ხმები დილის 3 საათისთვის გაიგეს. აფეთქებები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მოხდა, მათ შორის საცხოვრებელ უბნებში. აფეთქება დაფიქსირდა მოსკოვის ელიტურ უბანშიც.
Facebook Forum