ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოში დაძაბულობა გრძელდება


სერბმა დემონსტრანტებმა კოსოვოს ქალაქ ლეპოსავიჩში ჟურნალისტების კუთვნილი ორი მანქანა დაამტვრიეს. ერთი დღით ადრე, ორშაბათს, დემონსტრანტებსა და ნატოს მშვიდობისმყოფელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებების შედეგად ნატოს ძალების 30 ჯარისკაცი და 52 დემონსტრანტი დაშავდა. ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალური პირები ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

რეგიონში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ეთნიკურად ალბანური წარმოშობის მერებმა კოსოვოს ჩრდილოეთით, სერბების უმრავლესობით დასახლებულ ქალაქებში პოზიციები დაიკავეს. ეს აპრილში გამართული არჩევნების შედეგად მოხდა, რომელსაც კოსოვოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ძალადობის შეკავების მიზნით, ნატოს ძალებმა კოსოვოს ქალაქების მერიების გარშემო უსაფრთხოების კორდონები აღმართეს.

ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის დამატებით ძალებს გაგზავნის კოსოვოში რათა ვითარება განიმუხტოს. ალიანსი ამბობს, რომ ამისთვის დასავლეთ ბალკანეთში საოპერაციო სარეზერვო ძალების ნაწილსაც გამოიყენებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი კოსოვოსა და სერბ ლიდერებს მოუწოდებს დეესკალაციისთვის საჭირო გზა გამონახოს და დაძაბულობა დიალოგის გზით განიმუხტოს.

"ევროპაში დღეს უკვე ზედმეტად ბევრი ძალადობა გვაქვს. თავს უფლებას ვერ მივცემთ სხვა კონფლიქტი გაჩაღდეს", - უთხრა ჟურალისტებს ბრიუსელში ბორელმა.

სერბები კოსოვოს ჩრდილოეთი ნაწილში, მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. 2008 წელს კოსოვოს მიერ სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება მათ არასდროს უღიარებიათ და ბელგრადს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევენ. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს აცხადებს ბელგრადიც.

ეთნიკური ალბანელების რაოდენობა კოსოვოში 90 პროცენტზე მეტია, მაგრამ ჩრდილოელი სერბები მოითხოვენ 2013 წელს, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ავტონომიური მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG