კოსოვოელი სერბები შეთანხმდნენ, რომ ხუთშაბათს დილიდან დაიწყებენ ბარიკადების მოხსნას, რომლებიც 19 დღის წინ აღმართეს გზების დასაბლოკად კოსოვოს ჩრდილოეთში. მათ გადაწყვეტილება შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოწოდებების გათვალისწინებით მიიღეს, რომელთა მიზანიც დაძაბულობის განმუხტვა იყო.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, რომელიც სერბეთის ქალაქ რასკაში ჩრდილოეთ კოსოვოელ სერბებს შეხვდა, განაცხადა, რომ ბარიკადების მოხსნის პროცესი ხუთშაბათს დილით დაიწყება, თუმცა დასძინა, რომ „ეს ხანგრძლივი პროცესია და მას გარკვეული დრო დასჭირდება“.
მან ასევე დაამატა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, რომლებიც შუამავლობენ ბელგრადსა და პრიშტინას შორის უთანხმოების გადაჭრას, გარანტიები მისცეს სერბეთს, რომ არც ერთი სერბი, რომელიც ბარიკადების მოწყობაში მონაწილეობდა არ იქნება პასუხისგებაში მიცემული.ბარიკადების მოხსნა, სავარაუდოდ, განმუხტავს დაძაბულობას ბელგრადსა და პრიშტინას შორის.
20 წელზე მეტია კოსოვოს საკითხი დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების თემაა. დასავლეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, რუსეთი კი მას ეწინააღმდეგება და სერბეთს ეხმარება მის მცდელობებში, დაბლოკოს კოსოვოს წევრობა გლობალურ ორგანიზაციებში, მათ შორის, გაეროში.