ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს უტევს, კრემლის ფოკუსში კვლავ ბახმუტი და ავდიივკაა


უკრაინის ქალაქი ბახმუტი რუსეთის იერიშების შემდეგ. 27 დეკემბერი, 2022 წ.
უკრაინის ქალაქი ბახმუტი რუსეთის იერიშების შემდეგ. 27 დეკემბერი, 2022 წ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 28 დეკემბერს რუსეთის ძალებმა საარტილერიო ჭურვებით უკრაინის პოზიციებს მთელი აღმოსავლეთ ფრონტის მიმართულებით შეუტიეს. მათ მთავარ სამიზნედ ბახმუტი და ავდიივკა რჩება, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

სამხრეთის მიმართულებით, რუსებმა ქალაქ ხერსონში კვლავ დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ასევე დაიბომბა სამიზნეები დნიპროპეტროვსკში - იუწყებიან უკრაინის ადგილობრივი სამხედრო უწყებები და რეგიონის ოფიციალური პირები.

"მტერი აგრძელებს შემტევ ქმედებას ბახმუტის და ავდიივკის მიმართულებით და ცდილობს, გააუმჯობესოს ტაქტიკური პოზიციები ლიმანის მიმართულებით [ლუჰანსკში]" - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ცნობაში. განცხადების მიხედვით, რუსეთის ძალებმა ბოლო 24 საათში ხერსონში უკრაინის ჯარებზე და სამშვიდობო დასახლებებზე 33 საარტილერიო და 1 სარაკეტო შეტევა მიიტანეს.

დნიპროპეტროვსკში რუსეთმა ღამით ნიკოპოლის უბანი დაბომბა, ამბობს ვალენტინ რეზნიჩენკო, რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური. 28 დეკემბრის განცხადებაში მან ასევე თქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან ერთად, რუსეთის ძალებმა გაანადგურეს მზის ბატარეები, რომლებიც რეგიონს ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა.

რუსეთი უკვე თვეებია უკრაინის ენერგიის წყაროებს უტევს. იერიშების უმეტესი ნაწილი დრონებით ხორციელდება, რაც უკრაინელებს ზამთრის თვეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის გარეშე, ყინვაში და სიბნელეში ტოვებს.

27 დეკემბრის საღამოს გაკეთებულ ტრადიციული ვიდეო-მიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სიტუაცია დონბასში "რთული და მტკივნეულია". პრეზიდენტის განცხადებით, ეს კვირა "პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის". ზელენსკიმ ასევე უთხრა მოსახლეობას, რომ მათ უკრაინის არმიასთან ერთად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ბახმუტში და კრემინაში შექმნილ ვითარებაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ძალიან ახლოსაა მნიშვნელოვან გარდატეხასთან ლუჰანსკის რეგიონის 2 ქალაქში - კრემინა და სვატოვი - უთხრა მაიკლ კლარკმა, ბრიტანეთის სამხედრო ექსპერტმა ტელეკომპანია "ბი-ბი-სის". ამგვარი გარღვევა რუსეთს დაახლოებით 65 კილომეტრით დახევდა უკან, საკმაოდ "ახლოს იმ ადგილებთან, საიდანაც თებერვალში მათი ეფექტიანი თავდასხმა დაიწყო" - აღნიშნავს კლარკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ხერსონიდან ხარკივამდე ფრონტის წინა ხაზებზე მიტანილი საარტილერიო იერიშების შემდეგ, უკრაინულ ჯარში მნიშვნელოვანი დანაკარგია. მოსკოვი ამბობს, რომ უკრაინამ აღმოსავლეთ ფრონტზე, დონეცკთან 60 ჯარისკაცი დაკარგა, ლუჰანსკის რეგიონში კი - 30. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასი", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საომარი ქმედებების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG