ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო განცხადებაში პარასკევს ითქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის შეიარაღებული ძალების 1.5 მილიონიან შემადგენლობამდე ანუ 30%-თ გაფართოების გეგმები წარუდგინეს. განცხადებაში დააკონკრეტეს, რომ რუსეთის თავდაცვის უწყებამ ეს გეგმა ოთხშაბათს მოამზადა და რომ მინისტრ შოუგუს განმარტებით, ასეთი "გაფართოება რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთში სულ ცოტა, ორი ბრიგადის დივიზიის რანგში აყვანას გულისხმობდა.
ეს ნაბიჯი რუსეთმა "ფინეთისა და შვედეთის მხრიდან ნატოში გაწევრიანების მუქარით ახსნა. ანგარიში ასევე აზუსტებს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან პირველია, საკუთარი ძალების ადაპტირებისთვის იმ გრძელვადიან გამოწვევებთან, რაც უკრაინაში მისმა "სპეცოპერაციამ" განაპირობა. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ შეძლებს რუსეთი ამგვარი გაფართოებისთვის გზების გამონახვას, იმ დროს, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა უკრაინაში.
ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოსახლეობას ყოველდღიურ სატელევიზიო გამოსვლაში აუწყა, რომ ვაშინგტონში მოკლე ვიზიტის შემდეგ, შინ კარგი შედეგებით დაბრუნდა. მან თქვა, რომ ვიზიტის შედეგები დაეხმარება უკრაინას. იქვე, ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენსა და აშშ-ის კონგრესს მადლობა გადაუხადა ათი თვის წინ დაწყებული რუსული აგრესიის განმავლობაში, უკრაინის დიდი მხარდაჭერისთვის.
ოთხშაბათს პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში ჩამოვიდა. ის თეთრ სახლში პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა, შემდეგ კი კონგრესმენებთან ითათბირა და ბოლოს კონგრესის გაერთიანებულ სესიას მიმართა.