ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წელს რუსეთმა ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო - ზელენსკი


რუსული საინფორმაციო სააგენტოები, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ენგელსის სამხედრო აეროდრომთან ახლოს, რუსეთის სამხრეთში, თვითმფრინავის ნამსხვრევებმა სამი სამხედრო მოსამსახურე იმსხვერპლა. ბაზა უკრაინის ფრონტის ხაზიდან შორსაა.

რუსეთი აქამდე აცხადებდა, რომ 5 დეკემბერს, უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები იმავე ბაზას დაესხა თავს. უკრაინას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საშობაო მიმართვაში, კვირას მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ყველაფერს აკეთებს უკრაინის „სასიცოცხლოდ“.

მან მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს და მოხალისეებს, ექთნებს და სამედიცინო პერსონალს, პედაგოგებს და კომპიუტერულ სპეციალისტებს - ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ ფაქტებს, ისევე როგორც მსოფლიოს ლიდერებსა და ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას.

„წლის ბოლომდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი შეეცდება ეს დღეები დაგვიბნელოს და გაგვირთულოს", - განაცხადა ზელენსკიმ. "რუსეთმა ამ წელს დაკარგა ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლო. მაგრამ ის ცდილობს აინაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტების ხელით, ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმების მიტანის შემდეგ."

„მე ვიცი, რომ სიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტების ახალ დამარცხებამდე მიყვანაში“, - დასძინა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვირას სახელმწიფო ტელევიზიას "რასია 1"-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებისთვის უკრაინის ომში ჩართულ ყველა მხარესთან, მაგრამ კიევმა და მისმა დასავლელმა მხარდამჭერებმა უარი განაცხადეს მოლაპარაკებებზე.

კრემლმა, რომელიც 24 თებერვალს ხელმეორედ შეიჭრა უკრაინაში, განაცხადა, რომ იბრძოლებს მანამ, სანამ მისი ყველა მიზანი არ მიიღწევა. კიევი კი აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ბრძოლას იქამდე, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს მის ტერიტორიას.

„ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ყველა მხარესთან, მისაღებ გამოსავალზე, მაგრამ ეს მათზეა დამოკიდებული - ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, ისინი ამბობენ“, - თქვა პუტინმა ინტერვიუში.

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ პუტინი მანიპულაციას მიმართავს და რეალურად თავად რუსეთმა თქვა უარი მოლაპარაკებებზე.

„რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და კლავს მის მოქალაქეებს“, - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". „რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, მაგრამ ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას“, - დაამატა მან.

პოდოლიაკმა გაიმეორა დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შეფასება. მასში ნათქვამია, რომ რუსეთი ჯერ ისევ არ განიხილავს სერიოზულად ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებებს.

პუტინმა ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში "სწორი მიმართულებით" მოქმედებს.

"მე მჯერა, რომ ჩვენ ვმოქმედებთ სწორად. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესებს და სხვა გზა არ გვაქვს, გარდა ჩვენი მოქალაქეების დაცვისა", - განაცხადა პუტინმა.

კვირას, რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან ტრადიციული საშობაო მიმართვა წარმოთქვა, სადაც რუსეთის ომს უკრაინაში "უაზრო" უწოდა და კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდა.

___

სტატიაში გამოყენებული მასალების ნაწილი ეყრდნობა „ასოშიეთიდ პრესის“, „როიტერის“ და AFP-ის მასალებს.

XS
SM
MD
LG