ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის “დემილიტარიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია” - პესკოვი


კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი.
კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი.

კრემლმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის „დემილიტარიზაციის“ მიმართულებით, რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ათი თვის წინ, კიევის წინააღმდეგ ომის წამოწყების ერთ-ერთ მიზნად, ვლადიმირ პუტინმა, სწორედ უკრაინის “დემილიტარიზაცია” დაასახელა.

ხუთშაბათს, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის პოტენციალი ნულის ტოლია. სწორედ პრეზიდენტის ამ განცხადების შესახებ კითხვის დასმისას შეაფასა კრემლის სპიკერმა უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის სამხედრო პროგრესი.

„შეიძლება ითქვას, რომ დემილიტარიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

მიმომხილველების დაკვრვებით, უკრაინის საკუთარი, თავდაპირველი თავდაცვის პოტენციალი - სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, რუსული სარაკეტო დარტყმების გამო, მძიმედ დაირღვა. მაგრამ, დასავლეთმა კიევს, ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა. ამასთან, მიმდინარე კვირაში, “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შესახებ, ვოლოდომირ ზელენსკიმ დაპირება, პრეზიდენტ ბაიდენისგან მიიღო. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით იქნება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება დგას.

მოსკოვმა, უკრაინისთვის “პატრიოტის” სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება “პროვოკაციულ” ნაბიჯად შეაფასა. თუმცა, ამასთან ერთად, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს სისტემა “საკმაოდ ძველია”.

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს, კრემლი კვლავ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. განცდილი მარცხების სერიის შემდეგ, ახლა რუსეთი გამარჯვების მოპოვებას აღმოსავოეთ უკრაინაში ცდილობს, სადაც მისი ძალები, უკვე რამდენიმე თვეა, პატარა ქალაქ ბახმუტის დაკავებას ცდილობს.

ხუთშაბათს, პუტინმა განაცხადა, რომ მას ომის დასრულება რაც შეიძლება მალე სურდა და ეს დიპლომატიური საშუალებებით უნდა მომხდარიყო. შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ პუტინმა, “მოლაპარაკების მზადყოფნისთვის, აბსოლუტური ნულოვანი ნიშანი აჩვენა.”

XS
SM
MD
LG